5 მარტი – დღე, როცა 22 ათასი ადამიანის დახვრეტის გადაწყვეტილება მიიღეს

„კატინის დახვრეტა“ კრებითი ტერმინია, რომელიც საბჭოთა ნკვდ-ის მიერ პოლონეთის 22 ათასი მოქალაქის დახვრეტის ამბავს მოგვითხრობს. ამ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი 1940 წელს ის სამხედრო ტყვეები გახდნენ, რომლებიც კოზელის, ოსტაშკოვსკისა და სტარობელსკის ბანაკებში მოხვდნენ, ასევე,  საბჭოთა ციხის რამდენიმე პატიმარი დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელარუსიის ტერიტორიაზე. პირველად სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე, სმოლენსკის ოლქში მდებარე, კატინის ტყეში აღმოაჩინეს დახვრეტილების სამარხები. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ბელადები მსოფლიოს უმტკიცებდნენ, რომ ეს დანაშაული გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ჩადენილი, თუმცა, 90-იანების დასაწყისში საბჭოთა არქივებში აღმოჩენილმა უტყუარმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ ეს სასტიკი დანაშაული სსრკ-მ ჩაიდინა – 2 თვის განმავლობაში 22 ათასი ადამიანი ტყეებში უბრალოდ დახვრიტეს და იქვე მიწა დააყარეს.

1940 წლის მარტში ლავრენტი ბერიამ ცენტრალურ კომიტეტში გააგზავნა მოხსენებითი ბარათი, სადაც შეთავაზებული იყო პოლონეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიების დახვრეტა, „ვინაიდან ისინი  საბჭოთა ხელისუფლების დაუძინებელი მტრები იყვნენ“. შედეგად, 5 მარტს, „14 700 პოლონელი ოფიცრის, ჩინოვნიკის, მრეწველის, მეწარმის, ჟანდარმის, სასულიერო პირის თუ სხვა წოდების მქონე პირის“ და „11 ათასი პატიმრის – სხვადასხვა კონტრრევოლუციური და დივერსიული ორგანიზაციის წევრის, ყოფილი ფაბრიკანტის, მემამულეს,  ყოფილი ოფიცრის, ჩინოვნიკისა და ვაჭრის“ მიმართ სასიკვდილო განაჩენი 5 მარტს გამოიტანეს.

2010 წლის 26 ნოემბერს რუსეთის დუმამ მიიღო დადგენილება „კატინის ტრაგედიისა და მისი მსხვერპლების შესახებ“, რომელიც  პოლონეთის მოქალაქეების დახვრეტას კატინში სტალინური რეჟიმის დანაშაულად აღიარებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საიდუმლო არქივებში დაცული მასალები „არა მარტო ფარდას ხდის ამ საშინელი ტრაგედიის მასშტაბებს, არამედ ამტკიცებს იმასაც, რომ კატინის დანაშაული ჩადენილია სტალინისა და სხვა საბჭოთა ხელმძღვანლების პირდაპირი დავალებით.“ თუმცა, ამ დრომდე გასაიდუმლოებული რჩება კატინის საქმის 183 ტომიდან 116 ტომი. ტომების ნაწილი ბორის ელცინის დროს გაიხსნა, ხოლო ვლადიმერ პუტინის მმართველობის ხანაში ისევ დაიხურა. დოკუმენტებში გარკვევით ჩანს პირადად სტალინის ხელმოწერები, მინაწერები იმ ფურცლებზე, რომლებმაც ათასობით ტყვე ადამიანის ბედი გადაწყვიტა და იმ შემსრულებლების აკურატული წარწერები, რომლებმაც კარგად შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები ჩააბარეს. განსაიდუმლოებულ ტომებში არის  იმ ჯალათების  ჩვენებები, რომლებმაც 90-იან წლებამდე იცოცხლეს და რუსული პროკურატურის მიერ იყვნენ დაკითხულები. 1990 წელს მოხერხდა ამ საშინელი დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებლის, კალინინის ოლქის ნვკდ-ის უფროსის, ტოკარევისგან ჩვენების აღება. მან დეტალურად აღწერა ყველა ის მოვლენა, რომელიც ტყვეების მასობრივ დახვრეტას წინ უსწრებდა, უშუალოდ ადამიანების მასობრივი მკვლელობის გარემოებები, გაიხსენა სადამსჯელო ოპერაციის სხვა შემსრულებლების ვინაობები, ადგილები და სხვ.

ერთ-ერთ ყველაზე გამაოგნებლად ცინიკურად გამოიყურება კაგებე-ს თავმჯდომარის, შელეპინის ხელით დაწერილი წერილი ცკ-ს მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიმართ. 1959 წელს შელეპინი თხოვდა მას ნებართვას, გაენადგურებინა დახვრეტილი პოლონელების აღრიცხვის საქმეები: „საბჭოთა ორგანოებისთვის ეს საქმეები არ წარმოადგენს ოპერატიული ინტერესის საგანს და არც ისტორიულ ღირებულებას.“ ის აფრთხილებდა ხრუშჩოვს, რომ „ჩატარებული ოპერაციის კონსპირაციის დარღვევა  ჩვენი სახელმწიფოსთვის არასასურველი შედეგების დადგომის“ საფრთხეს ქმნის… მით უფრო, რომ არსებობს ოფიციალური ვერსია კატინის ტყეში დახვრეტილების მიმართ… რომ იქ ლიკვიდირებული  ყველა პოლონელი, გერმანელი ოკუპანტების მიერ განადგურებულად ითვლება.“

საბჭოთა სისტემის ამ საშინელ დანაშაულზე გვიყვება ტვერის ოქლში მდებარე დაბა მედნოეც. იქ გვამების ექსგუმაცია ორჯერ – 1991 და 1995 წელს ჩატარდა. შედეგად, 23 სამარხი იპოვეს. ალექსანდრე გურიანოვი, რომელიც კატინის დანაშაულს წლებია, იკვლევს, ამბობს: „ ამ ორმოებში ლურჯი ფერის მიწა იყო. ასეთი ფერის  პოლონელი პოლიციელების შინელებისგან გახდა, უფრო სწორედ, ამ შინელების ნაჭრის ლურჯი საღებავისგან. საქმე ისაა, რომ მედნოეში დახვრეტილების 87% იყო სწორედ პოლონელი პოლიციელი – ისინი მანამდე ოსტაშკოვსკის ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეულნი.“ დახვრეტილების შინელების ჯიბეებში 1940 წლის საბჭოთა გაზეთების ნაგლეჯები, დამალული სამხედრო ბილეთებიც იპოვეს.

დღეს, როდესაც სტალინური რეჟიმის დანაშაული დოკუმენტურად დასტურდება და ეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამაც აღიარა,  რუსეთის ოფიციოზი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ობივატელები ისევ საბჭოთა პროპაგანდის ტყვეობაში დააბრუნოს – დააჯეროს ის მითი, რომელსაც კაგებე წლების განმავლობაში ქმნიდა – კატინის დახვრეტა გერმანელების მოწყობილია და ის რუსეთის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ნაწილია. მედია პროპაგანდა, აკადემიური წრეები, რუსი ჩინოვნიკები და მათ მიერ კონტროლირებადი გავლენის აგენტები ცდილობენ, პოლონელი ტყვეების დახვრეტა რუსული ისტორიის ფურცლებიდან გააქრონ. ცდილობენ, ამ სასტიკი დანაშაულის უარყოფა თანამემამულეების  ცნობიერებაში ჩანერგონ.

ძველი საბჭოთა სიცრუე კრემლის თანამედროვე პროპაგანდისტულმა სივრცემ წარმატებით აიტაცა. კრემლი ისევ ცდილობს, საკუთარი ხალხის თუ მსოფლიოს წინაშე ისტორიული სიმართლე  დამალოს. ეს სიყალბე იმავე ხერხით ხდება, როგორც მაშინ, როცა ამტკიცებენ, რომ ისტორიულად აფხაზეთი საქართველო არ არის, სამაჩაბლო საქართველო არ არის, ყირიმი უკრაინა არ არის…

იმის მიუხედავად, რომ 22 ათასი ადამიანის დახვრეტის შესახებ დოკუმენტები საკუთარ ოფიციალურ არქივებში აქვთ, მაინც გვიმტკიცებენ, რომ საბჭოთა სისტემა დიდებული იყო, მისი მემკვიდრე კრემლი დიდებულია, მას მხოლოდ მშვიდობა და ბედნიერება მოაქვს ქვეყანაზე. კრემლს ჰგონია, რომ ბრმა რწმენა სიმართლეზე მეტია, თუმცა, შინელებისგან გალურჯებული მიწა სხვა რამეს ამბობს…

ლალი ინწკირველი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები