ლევან იოსელიანი: სასამართლოს ნდობა რომ ჰქონოდა, პოლიტიკური კრიზისი არ იქნებოდა, ჩვენ ორ ადამიანს რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ

“სასამართლოს პრობლემის გადაწყვეტას სჭირდება მთელი ოპოზიციის ძალისხმევა, ჩვენ ორ ადამიანს რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ – კრიტიკა და ხმაურიანი განცხადებები ჩვენ არ გვეზარება და ორი წინააღმდეგი ხმა ჩვენს ხელშია”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სასამართლოს ნდობა არ აქვს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

„სასამართლოს ნდობა რომ ჰქონოდა, პოლიტიკური კრიზისი არ იქნებოდა, რადგან სასამართლო გადაწყვეტდა საკითხს იმდაგვარად, რომ ყველა კითხვას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაგვაჩნდა, პასუხს გასცემდა.

სინამდვილეში რა მივიღეთ – სასამართლომ საჩივრების 99 პროცენტი არ მიიღო, რამაც უნდობლობა გააჩინა ყველაფრის მიმართ. სასამართლოს პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა და ამისთვის საჭიროა მთელი ოპოზიციის ძალისხმევა. ხელისუფლება ამ საკითხს თვითონ არ გადაჭრის, რადგან ეს მოსამართლეები მათ სამსახურში არიან. კრიტიკა და ხმაურიანი განცხადებები ჩვენ არ გვეზარება და ორი წინააღმდეგი ხმა ჩვენს ხელშია, ეს შეგვიძლია, გავაკეთოთ და საზოგადოებას ავუხსნათ, რატომ არის ამ ქვეყანაში ყველა პრობლემა დაკავშირებული მართლმსაჯულებასთან. საბოლოოდ, თუ მოქალაქეს არ აქვს იმის განცდა, რომ მისი დარღვეული უფლება სადღაც იქნება დაცული სამართლიანად, მაშინ მშვიდობა ქვეყანაში არ იქნება და ყველა არჩევნების შემდეგ იქნება დაპირისპირება“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები