„აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია“ – ვახტანგ ყოლბაია

“მხოლოდ რუსებთან თუ ილაპარაკე და აფხაზებთან – არა, არაფერი გამოვა”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური დიალოგის” წარმომადგენელმა, აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ყოლბაიამ იმ მიმართვის შესახებ ისაუბრა, რომლითაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთისა და კონფლიქტის თემა გაჩერებულია ქვეყანაში, საბედნიეროდ, არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობით არ კმაყოფილდებიან, არ ჩერდებიან. მიხარია, რომ ვარ იმ ჯგუფში, რომელშიც ამ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით თავს კომფორტულად ვგრძნობ. თითქმის 30 წელი გავიდა. მე აფხაზეთიდან ვარ. აფხაზეთისადმი ნოსტალგია განსაკუთრებულია. ამ კონფლიქტში რუსეთი მთავარი წამყვანი ფაქტორია. თუ აფხაზეთსა და კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთთან საერთო ენა ვერ გამოინახა, ჩვენ დიდ ხანს ვიქნებით მოლოდინში“, – განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.

ვიზიარებ აზრს და ჩემი შინაგანი განწყობაა ის, რომ აფხაზებთან თუ არ ილაპარაკე და მხოლოდ რუსებთან ილაპარაკე, არაფერი გამოვა. ეს პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს. აფხაზებთან ურთიერთობა იმიტომ გვიჭირს, რომ ჩათვლილია, თითქოს, აფხაზები არაფერ შუაში არიან და უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ რუსეთთან. ეს არასწორია. პირველ ყოვლისა, აფხაზთან უნდა დაალაგო სიტუაცია იმიტომ, რომ მასთან ერთად უნდა იცხოვრო, დაუბრუნდე მეზობლობას, ნათესაობას და ა.შ.
საქმეში ჩახედულ ადამიანებში შეიქმნა განწყობა, რომ იქნებ დავძრათ სიტუაცია და ზემოქმედება მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, ვუთხრათ, რომ აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობა დაკარგული არ არის. უამრავი მისასვლელი გზაა“, – განაცხადა ყოლბაიამ.

ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„სოხუმის განცხადებების კვალდაკვალ, დიალოგის იდეისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებამაც გამოხატა. ამასთანავ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე მრავალჯერ აქვს გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. თუმცა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემხვედრი წინადადებებისა და სოხუმთან უშუალო დიალოგის გარეშე რთული წარმოსადგენია.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდად ვაფასებთ სოხუმისა და თბილისის სამშვიდობო დიალოგისათვის მზაობის განაცხადს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი დიალოგის დასაწყებად აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან. ამასთანავე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ მნიშვნელოვან პროცესს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით.
გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი ხელს შეუწყობს ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციას“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: არჩილ გეგეშიძე, გიორგი კანაშვილი, ვახტანგ ჭარაია, იულია ხარაშვილი, მარინა ფაღავა, მიხეილ მირზიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ელიკო ბენდელიანი, ნინო კალანდარიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ანა ძიაპშიპა, მარინა ელბაქიძე, ვახტანგ ნოღაიდელი, ნათია ჭანკვეტაძე, ზაალ არქანია, შოთა შველიძე, არჩილ ელბაქიძე, ქეთი მურუსიძე, დათო ჯიშკარიანი, ალექსანდრე რუსეცკი, ალუ გამახარია, უჩა ნანუაშვილი, ქეთი აფთარაშვილი, ეკა ფირცხალავა, მერი გელაშვილი, იაგო ფასანძე, თამრიკო სარაჯიშვილი, რუსიკო მარშანია, სალომე ადამია, მარინა ფოჩხუა,ირაკლი ხვადაგიანი, მარგარიტა ახვლედიანი, დავით ფიფია, ნათია ნადირაძე, ელენე ნათენაძე,ივანე აბრამაშვილი, ლალი პერტენავა, მამუკა ყუფარაძე, ირაკლი ჩიხლაძე, ზვიად მჭედლიშვილი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები