„აფხაზს ურჩევნია, ისე გელაპარაკოს, რომ რუსმა არ გაიგოს, დიალოგის ფორმატი უამრავი შეიძლება, იყოს“ – პაატა ზაქარეიშვილი
“აფხაზს ურჩევნია, ისე გელაპარაკოს, რომ რუსმა არ გაიგოს, ე. ი. ეშინია რუსეთის”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაქარეიშვილმა იმ მიმართვის შესახებ ისაუბრა, რომლითაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
“საინტერესო განცხადება გავრცელდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად კონფლიქტების საკითხებზე მუშაობენ. ეს სამთავრობო ცვლილებებს დაემთხვა. მე არ ვარ ორგანიზატორი, ჩემი მეგობრები დამიკავშირდნენ. მათ ქმედებას დადებითად ვაფასებ. აფხაზეთში გამოცდილი ადამიანები არიან პოლიტიკაში, მათ შორის, დე ფაქტო პრემიერმინისტრი – ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი – შამბა, დე ფაქტო პრეზიდენტი – ბჟანია. ამ სამი ადამიანისგან რეგულარუალდ მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულ მხარესთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგებაა საჭირო. ეს აშკარად მიზანმიმართული მოქმედებაა იმდენად, რომ არა მარტო განცხადებებითა და ინტერვიუებით შემოიფარგლებიან, არამედ მათ თავიანთი საგარეო პოლიტიკის კონცეფცია მიიღეს, სადაც პირველად დაფიქსირდა ცალკე, ქართულ მხარესთან ორმხრივი კონტაქტების შესახებ. ცალკე ჟენევა ჩაწერეს და ცალკე ორმხრივი კონტაქტები. ამ ფონზე ქართული მხრიდან არანაირი შემხვედრი წინადადება არ არის, გარდა გაუმჭვირვალე, უცნაური ფრაზებისა – ჩვენ გვაქვს კონტაქტები აფხაზურ საზოგადოებასთან. საზოგადოება ძალიან ეფემერული ფენომენია. საზოგადოება თავის თავისგან ქმნის სახელმწიფოებს, პარტიებს, უამრავ ინსტიტუტს, რითაც საზოგადოება თავის ინტერესებს იცავს. ამ დროს ვისთან, როგორ აქვთ კონტაქტები? ამ წერილის ხელმომწერი ადამიანების უმრავლესობამ კარგად იცის, რა ხდება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. თითქმის ყველამ ვიცით, რომ არანაირი პოლიტიკური და ის ურთიერთობები, რასაც აფხაზური მხარე ითხოვს, არ არის. შეიძლება, ჯანდაცვა კარგად მუშაობს, გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობებია, მაგრამ ეს ყველაფერი არაპოლიტიკური ფაქტორია. მარტო ჯანდაცვითა და ეკონომიკით წინ ვერ წავალთ.
ახლა მოვიდა ძველი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოცდილია. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მან ეს თემა იცის. ამ ფონზე ვფიქრობ, დროული იყო ამ განცხადების გაკეთება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, აფხაზები თითქმის ნებისმიერ ფორმტაზე სასაუბროდ მოდიან.
„ფორმატი უამრავი შეიძლება, იყოს, მთავარი მონდომებაა. შეიძლება, ტელეფონის დონეზე იყო, მით უმეტეს, ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას. მე მაქვს უამრავი კონტაქტი. ერთი მხრივ, პადემიამ, მეორე მხრივ კი ამ ახალმა ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო გამიმრავლა კონტაქტები აფხაზურ მხარესთან. ჩემი, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე სახელისუფლებო გამოცდილებით თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ აფხაზები თითქმის ნებისმიერ ფორმტაზე სასაუბროდ მოდიან. მათ ხშირად არ აწყობთ ის, რომ რუსებმა იცოდნენ ამის შესახებ. ეს მშვენიერი ინდიკატორია, გრძნობ, რომ მას ურჩევნია, ისე გელაპარაკოს, რომ რუსმა არ გაიგოს. ესე იგი, ეშინია რუსეთის. ისე არ არის, რომ რუსი მთლიანად პატრონობს მას. მნიშვნელოვნად ასეა, მაგრამ არის სეგმენტები, სადაც უნდა გამოვიდეს ამ გავლენისაგან. ბევრ შანს ვუშვებთ ხელიდან იმის გამო, რომ მათ არ ველაპარაკებით. კიდევ უფრო მივუშვებთ მათ რუსულ მხარესთან“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, სამოქალაქო სექტორმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„სოხუმის განცხადებების კვალდაკვალ, დიალოგის იდეისადმი ზოგადად დადებითი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებამაც გამოხატა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მრავალჯერ აქვს გაცხადებული პოზიცია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. თუმცა, კონფლიქტის ტრანსფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შემხვედრი წინადადებებისა და სოხუმთან უშუალო დიალოგის გარეშე რთული წარმოსადგენია.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდად ვაფასებთ სოხუმისა და თბილისის სამშვიდობო დიალოგისათვის მზაობის განაცხადს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირდაპირი დიალოგის დასაწყებად აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ლიდერებთან. ამასთანავე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ მნიშვნელოვან პროცესს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჩვენი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით.
გვჯერა, რომ პირდაპირი დიალოგი ხელს შეუწყობს ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზაციას“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: არჩილ გეგეშიძე, გიორგი კანაშვილი, ვახტანგ ჭარაია, იულია ხარაშვილი, მარინა ფაღავა, მიხეილ მირზიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ელიკო ბენდელიანი, ნინო კალანდარიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ანა ძიაპშიპა, მარინა ელბაქიძე, ვახტანგ ნოღაიდელი, ნათია ჭანკვეტაძე, ზაალ არქანია, შოთა შველიძე, არჩილ ელბაქიძე, ქეთი მურუსიძე, დათო ჯიშკარიანი, ალექსანდრე რუსეცკი, ალუ გამახარია, უჩა ნანუაშვილი, ქეთი აფთარაშვილი, ეკა ფირცხალავა, მერი გელაშვილი, იაგო ფასანძე, თამრიკო სარაჯიშვილი, რუსიკო მარშანია, სალომე ადამია, მარინა ფოჩხუა,ირაკლი ხვადაგიანი, მარგარიტა ახვლედიანი, დავით ფიფია, ნათია ნადირაძე, ელენე ნათენაძე,ივანე აბრამაშვილი, ლალი პერტენავა, მამუკა ყუფარაძე, ირაკლი ჩიხლაძე, ზვიად მჭედლიშვილი.
თამუნა შეყილაძე