სიკეთე უჩუმრად – მამუკა ბლიაძის სიცოცხლის საზრისი და ბედნიერება

დღეს 60 წლის გახდა ჩვენი ძვირფასი თანამემამულე მამუკა ბლიაძე, რომელიც აგერ უკვე ცხრა წელიწადია ბერლინის ცნობილი გალერიის Galerie Kornfeld-ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
ბერლინის ცენტრში, ფაზანენშტრასეზე მდებარე ეს გალერეა სამხატვრო წრეებში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან მართლაც ანგარისგასაწევია თავისი მრავალფეროვანი და აქტიური საგამოფენო საქმიანობით.
გალერეას შემოკრეფილი ჰყავს ოცამდე მოქმედი მხატვარი, რომელთა პერსონალურ თუ ჯგუფურ ექსპოზიციებს ხშირად სტუმრობს ბერლინელი დამთვალიერებელი. ამასთან, გალერეა სისტემატურად მონაწილობს ევროპისა და ამერიკის აღიარებულ საერთაშორისო არტ ფორუმებსა და ბაზრობებზე, სადაც მუდამ საყურადღებო პროექტებით ამახსოვრებს ხოლმე თავს პუბლიკას.

მამუკა ბლიაძე ცნობილ ბრიტანელ მხატვარ მათ კოლიშოუსთან ერთად

მამუკა ბლიაძემ იმთავითვე დაისახა მიზნად, თავისი გალერიის მეშვეობით, ქართველ ხელოვანთა წარმოჩენა, მათი ნიჭიერების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მან განსაკუთრებული ამაგი დასდო დიდი ქართველი მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ნათელა იანქოშვილის (1918-2007) სახელის საერთაშორისო აღიარებას. ათი წლის წინათ, თუ ამ მხატვრის სახელს „გუგლის“ საძიებელში ჩაწერდით, მის შესახებ თითქმის ვერაფერს შეიტყობდით. ახლა კი მასზე ასობით მასალა მოიპოვება და ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ბიბლიოგრაფიის მქონე ქართველი ხელოვანია.
მამუკა ბლიაძემ რამდენჯერმე გამართა ნათელა იანქოშვილის გამოფენა ბერლინში. პირველად 2012 წელს გამოსცა მისი ვრცელი კატალოგი გერმანულ-ინგლისურ ენებზე (გამომცემლობა KEHRER), 2019 წელს კი გამომცემლობა HIRMER-მა დაბეჭდა მამუკა ბლიაძის წიგნი სახელწოდებით „ნათელა იანქოშვილი – მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“. იგი 160 გვერდს და 66 ილუსტრაციას შეიცავს და ცალკ–ცალკე წიგნად გამოვიდა გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ეს მაღალი პროფესიონალიზმითა და თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი
წიგნი მსოფლიოს აღმოაჩენინებს უნიკალური ბიოგრაფიის არტისტს, რომელიც სამართლიანად დაიმსახურა გასცდეს საქართველოს ფარგლებს და მიეკუთვნოს იმ რანგის მხატვრებს, რომელთა ცხოვრება ხელოვნებაში შემოქმედებით გმირობად ფასდება!

ნათელა იანქოშვილისდმი მიძღვნილი მამუკა ბლიაძის მონოგრაფია და კატალოგი

ბერლინის გარდა იანქოშვილი დიდი წარმატებით გამოიფინა კიოლნში, ბრიუსელში, სტამბოლში, ნიუ–იორკში. უკვე დაწყებულია სამზადისი და ამ ზაფხულს ბერლინში გაიმართება ნათელა იანქოშვილისა და ბრიტანელი მხატვრის ალექსანდერ ადამსის ერთობლივი გამოფენა, რომელსაც, სავარაუდოდ, „წელიწადის დრონი“ ერქმევა. აქ ადამსი ზამთრის ლანდშაფტებით იქნება წარმოდგენილი, იანქოშვილი კი თავისი გაზაფხულისა და შემოდგომის პეიზაჟებით…
მამუკა ბლიაძის დიდი მოწადინებით იქცა „კორნფელდ გალერიის“ არტისტად თამარ კვესიტაძე, უნიჭიერესი თანამედროვე ავტორი, რომელიც თავისი ქანდაკებებით, ინსტალაციებითა და მხატვრობით საყოველთაო მოწონებას იმსახურებს და მუდამ განსაკუთრებული ინტერესით ელიან მის ყველა ახალ ექსპოზიციას როგორც ბერლინში, ასევე საერთაშორისო არტ ჩვენებებზე.
2014 წლიდან კორნფედ გალერეას შეემატა მეორე დარბაზი „68 Projects’’, რამაც შესაძლებლობა მისცა მის სამხატვრო ხელმძღვანელს, კიდევ უფრო ფართო და ნაყოფიერი გახადოს საგამოფენო ცხოვრება.
ცნობილ ევროპელ მხატვრებთან ერთად მამუკა ბლიაძემ აქ ფართო ასპარეზი დაუთმო ქართველ ავტორებსაც. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახლახან აქ ნამდვილი ფურორი მოახდინა რუსუდან ხიზანიშვილის ფერწერამ, წარმოდგენილი სურათებიდან თითქმის ყველა გაიყიდა, რაც პანდემიის პირობებში სრულიად განსაცვიფრებელი შედეგია.
ამავე დარბაზში სხვადასხვა დროს გამოიფინნენ: ვერა ფაღავა, დავით მესხი, გიორგი ნებიერიძე, ლევან სონღულაშილი, ნათელა გრიგალაშვილი.
ირენა პოპიაშვილის კურატორობით კი 2019 წელს შედგა ქართული პროექტი სახელწოდებით ’’Story as a woven carpet’’,  რომელშიც ჩართულები იყვნენ ნიჭიერი დამწყები არტისტები: თეზი გაბუნია, თამარ ნადირაძე, ანდრო ერაძე, ლევან ჭელიძე, სალომე ჩიგილაშვილი, ნინო ქვრივიშვილი, გიორგი ქოჩიაშვილი.
არაერთი უცხოელი ხელოვანი ჩამოვიდა მამუკა ბლიაძის გალერიის ეგიდით სამუშაოდ საქართველოში, მათ შორის იყო გერმანელი ფერმწერი ქრიტოფერ ლემპფული, რომლებმაც ორი კვირის განმავლობაში იმუშავა თბილისში, მცხეთაში, სიღნაღსა და ყაზბეგში, მან აქ ოცამდე ნამუშევარი შექმნა, რომელიც 2018 წელს ბერლინში გამოიფინა. ექსპოზიციას ერქვა „ლემპფულის საქართველო“, რომელსაც თან ახლდა კატალოგი მამუკა ბლიაძის ტექსტით, რომელიც გერმანელი მხატვრის ქართულ თავგადასავალს ასახავს.

გერმანელი მხატვრის ქრისტოფერ ლემპფულის ფერწერული ტილო –
„შემოღამება სიღნაღში”, 2017 წელი

გერმანელი ფილოსოფოსი და არტ–კრიტიკოსი მარლენ შტოსელი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში – 2017 და 2018 წლებში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას ბერლინის რადიოში ჰქონდა გადაცემები საქართველოს ისტორიაზე, მისი დღევანდელი ყოფისა და ხელოვნების შესახებ, ასევე გაზეთ „Frankfurter Algemeine Zeitung“-ში გამოაქვეყნა ვრცელი სტატიები თავის ქართულ შთაბეჭდილებებზე.
მამუკა ბლიაძე არის თავმდაბალი, უხმაურო და იშვიათი პიროვნული ღირსებებით დაჯილდოვებული ადამიანი. თავისი სამშობლოს ჭეშმარიტ გულშემატკივარს ჩუმად და უანგაროდ უყვარს იგი და სადაც არის და რითაც შეუძლია, ისე ირჯება მისი წინსვლისა და საუკეთესო ღირებულებების წარმოსაჩენად. ყველა ქართველმა იმის მეათედი სამსახური მაინც რომ გაუწიოს თავის სამშობლოს უცხოეთში, როგორც ამას მამუკა ბლიაძე ახერხებს, მაშინ საქართველო გაცილებით ცნობადი და პროგრესული ქვეყანა გახდებოდა.
რეზო ინანიშვილი მისი საყვარელი მწერალია და ისიც ამ დიდი ქართველის მსგავსად სიკეთის უჩუმრად მთესველია, მხოლოდ ასე და ამაში ჰპოვებს იგი სიცოცხლის საზრისსა და ბედნიერებას!
ვულოცავთ ბატონ მამუკა ბლიაძეს საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ საქართველოს ღირსეულ დაბრუნებას მისთვის ბუნებრივ, ევროპულ წიაღში, რაც ჩვენი იუბილარის სანუკვარ წადილად ქცეულა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ და დღემდე ამას ელის უზომო მოლოდინით…

თამარ შაიშმელაშვილი

                                                                                                                                    

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები