დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან ორ მათგანს დაუჭირა მხარი. პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ კომიტეტს მთავრობის მიერ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის. ასევე, მეორე ვაკანსიაზე – ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინება გააცნო. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეარჩია წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტს გადაეგზავნა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარედგინა პარლამენტს. საპარლამენტო მდივანმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე რის შემდეგაც ექვსივე კანდიდატს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი ხედვა, თუ როგორ წარმართავენ საქმიანობას აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ კომუნიკაციების სფეროში არსებული ბიზნესის და მაუწყებელთა წარმომადგენლები. თითოეულმა კანდიდატმა დეპუტატებისა და კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენელთა მრავალფეროვან და მწვავე შეკითხვებს უპასუხეს. კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კომიტეტმა 9 ხმით ნათია კუკულაძეს, 8 ხმით ეკატერინე იმედაძეს დაუჭირა მხარი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გამოხატული დამოკიდებულებით გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და კერძო სექტორს შორის. „გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და სექტორს შორის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის, მაქსიმალური ჩართულობისთვის პროცესში იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც კომიტეტს გააჩნია. ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქსიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორცილდეს ნებისმიერი რეფორმა. რეფორმა მაშინ არის მნიშვნელოვანი და ძლიერი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე, მთავრობის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები