როგორია გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

გარდაბნის “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორის, ნონა ასათიანის განმარტებით, დაშავებული 9 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე განმარტებით, კლინიკაში ძმები შეიყვანეს, უფროსის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“როგორც ხედავთ, ძალიან ცუდი სიტუაციაა. მძიმე მდგომარეობაა. ორი ბავშვი შემოიყვანეს. აქედან ერთი – მძიმე, მეორე კი ნაკლებად მძიმე დაზიანებებით. იმ ბავშვს, რომელიც მსუბუქადაა დაშავებული, არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჯანმრთელობის მხრივ. დიაგნოსტირებულია და ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მხოლოდ პატარა ჭრილობა ჰქონდა ნიკაპის არეში.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ნამდვილას სერიოზული იყო. ბავშვს შემოყვანისას არ ესინჯებოდა პულსი, არც წნევა და ჰემორაგიული შოკური მდგომარეობით შეყვანილი იქნა საოპერაციოში. აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება მუცლის ზედაპირზე, თავის ქალასა და სისხლძარღვებიც დაზიანებული ჰქონდა. სიცოცხლესთან შეუფარდებელი მდგომარეობა აღმოჩნდა. ერთი იყო 14 წლის და მეორე – 9 წლის”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ნონა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაბანში, მესამე საჯარო სკოლასთან ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მისი 9 წლის ძმა კი დაშავდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე აფეთქების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები