გია აბაშიძე: ნაცოპოზიციის მიმართ ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე ობიექტური და სამართლიანია

 

“მარტო ნიკა მელიას დაპატიმრება კი არა, საქართველოს პროკურატურამ ბოკერიასთან, ბაქრაძესთან და სხვებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებიც თაროდან უნდა ჩამოიღოს”,- ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, ნაცოპოზიციის მიმართ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე ობიექტური და სამართლიანია.

“გასულ კვირას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად ავუხსენი ვინ არიან და რას წარმოადგენენ ნიკანორ მელია და ნიკა გვარამია, მათი კრიმინალური წარსული კონკრეტული არგუმენტებით, ფოტოებითა და ვიდეოებით გავაცანი.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ მმართველმა პარტიამ უცხოელ დიპლომატებს სათანადოდ არ აუხსნა ვინ არის მელია, ვინ არის ხაზარაძე… თუ ხელისუფლება ამას არ ან ვერ აკეთებს, აგერ ვართ მე და ჩემნაირი ადამიანები, აგერ არის სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ გავაკეთებთ იმას რაც საჭიროა.

გვარამია და ხაზარაძე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში არიან ბრალდებულები, მათი საქმეები სასამართლოშია და თუ დააპატიმრებენ, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მხრიდან ხმამაღალი განცხადებები წამოვა – “დააკავეს ოპოზიციის ლიდერი”, “დააკავეს ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი” და ა.შ. ეს რომ არ მოხდეს ნებისმიერ კონგრესმენს თუ ევროპარლამენტარს დეტალურად და არგუმენტირებულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა დააშავა გვარამიამ, რა აქვს ჩადენილი ხაზარაძეს და რას წარმოადგენენ სხვა ე.წ. ოპოზიციონერი ლიდერები. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საგარეო მიმართულებით მეტი მუშაობა მართებთ.

კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელი, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე თავდასხმისთვის მელიას დაპატიმრებას “პოლიტიკურ დევნად” აფასებენ ის საერთაშორისო ძალები, რომლებიც ამერიკაში კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმას შიდა ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევენ. ეს ნარატივი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობას აღვივებს და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ხელისუფლებამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და ხაზარაძე იქნება, გვარამია თუ ნებისმიერი დამნაშავე, ყველა გაასამართლოს.

მერწმუნეთ, როცა საგარეო მოთამაშეებს მივაწვდით სრულყოფილ და დასაბუთებულ ინფორმაციას, თუ ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი პოლიტიკურ დევნაზე საუბარიც არ იქნება.

საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი აბსოლუტური სიბრიყვეა და მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის. კონგრესმენმა კინზინგერმაც განაცხადა, რომ საქართველოსათვის სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ნაცმოძრაობამ ამაზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, საკუთარ ოცნებას რეალობად მაინც ვერ აქცევს. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის განცხადებას, მისი, როგორც 0,8%-იანი რეიტინგის მქონე პროპრუტინისტი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკანის განცხადებები ქართველი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელია. დიახ, ბოკერიას გვერდით მჯდომ და მელიას დამცველ პრორუს ბურჯანაძეს ქართველი საზოგადოება კი არა კრემლიც არ სცემს პატივს.

ნაცოპოზიციის მიმართ ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტე ობიექტური და სამართლიანია, რადგან ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ხელისუფლებისგან სწორედ ნაცკრიმინალების დაჭერასა და გასამართლებას ითხოვს. მარტო მელიას დაპატიმრება კი არა, საქართველოს პროკურატურამ ბოკერიასთან, ბაქრაძესთან და სხვებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებიც თაროდან უნდა ჩამოიღოს. სამართლის ურემი ნელა დადის, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე აუცილებლად უნდა მივიდეს”,- განაცხადა აბაძიშემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები