სამხედრო საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია სომხეთში დღეს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა.
როგორც ექსპერტმა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, “ქვეყნის გენშტაბმა და ხუთივე საარმიო კორპუსის მეთაურმა ულტიმატუმი წაუყენა ქვეყნის პრემიერმინისტრ ფაშინიანს, რომელიც უკვე იწყებს ხალხის მობილიზებას რესპუბლიკის მოედანზე და მიტინგს. არმია მოყვანილია სრულ საბრძოლო მდგომარეობაში, სხვადასხვა წყაროს მონაცემებით”.
ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ, “როგორც ჩანს, “ისკანდერის” შესახებ კრიტიკული ინფორმაცია ძვირად უჯდება ფაშინიანს და კრემლმა არ აპატია ეს დემარში მისგან და ასევე ისიც, რომ ფაშიანმა უარი უთხრა კრემლს მეორე სამხედრო ბაზის გახსნაზე. ფაქტობრივად, არმია გამოვიდა ფაშინიანის კონტროლიდან და იწყებს მოქმედებას მას შემდეგ, რაც ორივე გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე გადაყენებულ იქნენ ქვეყნის პრემიერმინისტრის მიერ. მანამდე კი ორივემ, “ისკანდერებზე” გაკეთებული განცხადების შემდეგ, ფაშინიანს დასცინა და “არაკომპეტენტური” უწოდა. სიტუაცია, როგორც ჩანს, ირევა ჩვენს მეზობელ ქვეყანაშიც და საქმე მიდის სამხედრო გადატრიალებისკენ, თუმცა, ჯერ იყო სამხედრო ამბოხი”.
ექსპერტი სომეხ კოლეგაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ერევნის გარეუბანში ამჟამად არმიის მობილიზება მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედროები ერევანში შევლენ და, სავარაუდოდ, უკვე დღეს საღამოს, სამხედრო საბჭოს შექმნიან. ფაშინიანს კი თანამდებობის დატოვება მოუწევს.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისზღვრა, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს იქნება დამოკიდებული პოლიციის პოზიციასა და ფაშინიანის მომხრეებზე. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ ფაშინიანის მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.