კელი დეგნანი: საბჭოთა ოკუპაციის დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმაურება.

ელჩის განცხადებით, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი”.

„დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო.

საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში.

იმ სევდიანი დღის მოსაგონრად, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი”.
ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა, იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს.
ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.
დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები