მიხეილ სარჯველაძე: არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაზე ვისაუბროთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხელ სარჯველაძის განცხადებით, არავითარი წინაპირობა რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაზე საუბრის არ არსებობს.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები რეალურ მდგომარეობაში ერკვევიან, მათი განცხადებები და დამოკიდებულებებიც არსებითად იცვლება.
„სჯობს, უფრო პრაქტიკული და საჭირო საკითხებით დავკავდეთ, როგორიცაა იგივე მოლაპარაკების პროცესი. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაზე ვისაუბროთ. ნიკა მელიას დაკავების საკითხზე არგუმენტები საქართველოს ხელისუფლებას აქვს და არ ვთვლით, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით ნაბიჯი უკან გადაიდგა. პირიქით, ის – რასაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება, ამის დემონსტრირება იყო, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. ეს ის ღირებულებაა, რასაც ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო უფრთხილდება და აფასებს. მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები რეალურ მდგომარეობაში ერკვევიან, მათი განცხადებები და დამოკიდებულებებიც არსებითად იცვლება. ამის დასტურია ევროკავშირის ბოლო განცხადება“, – განაცხადა სარჯველაძემ.