მიხეილ სარჯველაძე: საზოგადოების დაკვეთაა, მოლაპარაკება ყველა მხარემ აწარმოოს
“ხელისუფლება განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად უდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება, იყოს სადისკუსიო და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესში”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხელ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების წარმოება საზოგადოების დაკვეთაა.
“სწორედ საზოგადოების დაკვეთაა, მოლაპარაკება ყველა მხარემ აწარმოოს. ხელისუფლება განწყობილია მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციულად უდგება ნებისმიერ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება, იყოს სადისკუსიო და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პროცესში. უარგუმენტოდ ხელახალი არჩევნების ჩატარება სწორად არ მიმაჩნია. ეს არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის და გამოსარიცხია. თუ არგუმენტები იქნება, ჩვენი პოზიცია უკვე ცნობილია. ოპოზიციას მოვუწოდებთ, ისეთ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც არგუმენტირებული იქნება, სხვაგვარად მოლაპარაკების პროცესი სრულიად სხვა ფორმას – ულტიმატუმის დაყენების სახეს იღებს, რაც საწინააღმდეგოა იმის, რაც არის მოლაპარაკების პროცესი. ვადამდელი არჩევნები შეიძლება, მხოლოდ ერთ არგუმენტს უკავშირდებოდეს, ეს არის არჩევნები თუ გაყალბდა და თუ დადგინდება ერთპროცენტიანი სხვაობა. ჩვენი ეს პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია. ამ შეთავაზებაზე იოტისოდენა კონსტრუქციულობა მაინც ვერ ვიხილეთ. ოპოზიციის მხრიდან ახსნაც კი არ იყო იმის, რატომ არ არის ოპოზიციისთვის მისაღები იმის დადგენა, გაყალბება მართლა მოხდა თუ არა. ასეთ შემთხვევაში ახალი არჩევნები ვერ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.