ირაკლი ბერაია: დღეს ქართველი ხალხის სწრაფვა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქვეყნის გამთლიანებისთვის ძლიერია, როგორც არასდროს
“დღეს ქართველი ხალხის სწრაფვა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქვეყნის გამთლიანებისთვის ძლიერია, როგორც არასდროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას.
,,25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. ქართველი ხალხის პატრიოტიზმმა, თავისუფლებისკენ სწრაფვამ და დამოუკიდებლობისთვის 70 წლიანმა ბრძოლამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა მარწუხებისგან გაათავისუფლა.
დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ჩვენს მიწაზე უკანოდ იმყოფება პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალები. ჩვენს თანამემამულეებს, ოჯახებს, საზოგადოებებს ყოფს და აშორიშორებს რუსული მავთულხლართები. უკანონოდ აკავებენ, ავიწროებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს, უხეშად არღვევენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ასობით ათასი ადამიანი მოკლებულია საკუთარ სახლში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობას.
მაგრამ დღეს ქართველი ხალხის სწრაფვა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქვეყნის გამთლიანებისთვის ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას, ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ სწრაფვას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.
მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები აუცილებლად ჩამოიშლება და რუსული ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. ქართველები, აფხაზები, ოსები ყველა ერთად დავასრულებთ ოკუპაციას და გავამთლიანებთ საქართველოს”, – წერს ირაკლი ბერაია.