შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
24 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2970 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.