გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს და განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“კვირა” ქვეყნის ყოფილი პრემიერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.

ზემოთქმულის ალტერნატივა უდავოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.

პ.ს. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ:

– ,,ნაციონალური მოძრაობა,, თავისი ფასეულობებითა და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია;

– 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა, სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები