ეკა ბესელია – ხელისუფლებას: უმძიმეს ისტორიას წერთ!
პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, 23 თებერვალს საბჭოთა არმიის დღეს სპეცოპერაციის ჩატარება ოპოზიციის ლიდერის დასაპატიმრებლად, უმძიმესი სანახავია. მისივე აზრით, პოლიტიზებული მართლმსაჯულების იარაღად გამოყენებას ხელისუფლებამ თავი ვერ დააღწია.
„23 თებერვალს, როდესაც საბჭოთა არმიის დღეა და ოკუპაციის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, ამ დღეს სპეცოპერაციის ჩატარება ოპოზიციის ლიდერის დასაპატიმრებლად უმძიმესი სანახავია. ქვეყნის იმიჯისთვის დიდი დარტყმა და ღია პროვოკაცია საკუთარ ხალხთან. პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამოყენება იარაღად, ესეც საბჭოური გადმონაშთია, რომელსაც თავი ვერ დააღწია ხელისუფლებამ. გაფრთხილებდით ყველა შინ და გარეთ, რომ ეს კიდევ უფრო ყოფს და აპირისპირებს საკუთარ ხალხთან ხელისუფლებას. უმძიმეს ისტორიას წერთ!
ასე სუსტები იქცევიან და არა – ძლიერები. ჩვენს ქვეყანას წარსულში მიაქანებს ხელისუფლება და პერსპექტივას უკარგავს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. უსამართლო სისტემა ყოველთვის იცვლება“, – წერს ბესელია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.