“არ გამოვრიცხავ, რომ ესეც შეთითხნილი ბრალდების ნაწილი გახდეს” – ბოკუჩავა სერვერებზე კიბერთავდასხმაზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის პარალელურად, პარტიის ოფისში მისულმა სპეცრაზმელებმა სერვერებიც წაიღეს.

ამის შესახებ მან “ქართული ოცნებისა” და შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პარტიისა და ძალოვანი უწყების სერვერებზე კიბერთავდასხმა მოხდა.

“ქართული ოცნების” განცხადებაში ნათქვამია, რომ, “არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება, მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული”.

“მე ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ოფისიდან წაღებულია სერვერები და, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ესეც რაღაც შეთითხნილი ბრალდების ნაწილი გახდეს. სხვა ახსნა არ მაქვს იმის, რომ ადამიანის გატაცებასთან ერთად სპეცრაზმელებმა ოფისის სარდაფიდან ჩვენი სერვერებიც გაიტაცეს. “ჰაქიმ ფაშა” ღარიბაშვილისგან, რომელსაც კიბერუსაფრთხოების საკითხებში არაფერი გაეგება და ამას მხოლოდ ბინძური პროპაგანდისთვის იყენებს, არ გამოვრიცხავდი ამას. გახსოვთ ასევე, რომ თითქოს ასე მოხდა ყველა სამთავრობო სიატის დაბლოკვა, თითქოს კიბერთავდასხმა ხორციელდება და მაშინ მთავრობამ “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა და შემდეგ, დამტკიცდა, რომ ეს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედება იყო”, – თქვა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები