გია ჟორჟოლიანი: ,,ბოროტი“ და ,,ცუდი“ გავრილოვის პარლამენტში შემოღწევას უნდა გადაჰყვეს მთელი ქვეყანა?

ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე ,,კვირასთან“ კომენტარს აკეთებს ,,სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი, გია ჟორჟოლიანი:

- რეკლამა -

- რეკლამა -

-როდესაც 2019 წელს ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სცადა პარლამენტში შეჭრა, თქვენ დეპუტატი იყავით და ,,გავრილოვის ღამის“ გამოძიებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გქონდათ.

-პროცესები, რომლის მოწმეც დღეს ყველა ერთად გავხდით, ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში დაიწყო – როდესაც ოპოზიციამ სცადა მითების შექმნა გავრილოვისგან, ვინ რომელ სავარძელში ჩაჯდა და რატომ, ხოლო ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როდესაც თავში ხელი შემოიკრა და განაცხადა, ეს რა დაგვემართა, გავრილოვი პარლამენტში როგორ შემოგვეპარაო. შემდეგ კი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასთან დაკავშირებით გაიმართა დიდი დისკუსია, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე თვეს ასმენინებდნენ. ვიღაც ,,ბოროტი“ და ,,ცუდი“ ადამიანის საქართველოს პარლამენტში შემოღწევას უნდა გადაჰყვეს მთელი ქვეყანა? 2019 წელს, როდესაც მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას დავუჭირე მხარი, ვთქვი, რომ ჩვენ კი არ ვიჭერთ დეპუტატს, არამედ გზას ვუხსნით გამოძიებას, გამოიძიოს, რა მოხდა იმ დღეს საქართველოს პარლამენტში. ნიკა მელია კი არა, მარტო გარიბალდიც ვერ შეძლებდა იმ დღეს პარლამენტის შტურმით აღებას. გამოძიებას უნდა ეთქვა, რა მოხდა სინამდვილეში, რა ძალებმა დაგეგმეს და განახორციელეს იმღამინდელი საპარლამენტო შტურმი. თუმცა, თითქმის ერთი წელი გავიდა და ეს საქმე მხოლოდ ტელეჟურნალისტების განხილვის თემად იქცა. გამოძიებას საზოგადოებისთვის არ უთქვამს, რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომაც დაიძაბა სიტუაცია ასე. ხელისუფლებამ თავად შექმნა გამოუვალი სიტუაცია, რომლისგან ახლა ცდილობს საუკეთესო გამოსავლის პოვნას. მელია ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეჭირათ, როდესაც სამაჯური მოიხსნა და არა ახლა, ჯარიმის გადაუხდელობის გამო. ოპოზიცია ამით ისარგებლებს და ეცდება, მაქსიმალურად დაძაბოს პოლიტიკური ვითარება. რა გამოუვათ, ეს ცალკე განხილვის საკითხია, თუმცა, მიმაჩნია, რომ ,,გავრილოვის ღამის“ მითოსური გამოძიება აქამდეც უნდა დასრულებულიყო.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები