რამაზ საყვარელიძე: თუ გახარია ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, “ნაცმოძრაობა” და დანარჩენი ოპოზიციაც რეიტინგების ქვედა ზღვარზე აღმოჩნდებიან
“მე არ მჯერა, რომ გახარიამ გუნდთან შეუთანხმებლობის გამო, ემოციურად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. არც იმის მჯერა, რომ ნიკა მელიას აღმკვეთმა ღონისძიებამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი”, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტიკის ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
რამაზ საყვარელიძე “კვირის პალიტრას” ბოლოდროინდელ მოვლენებზე ესაუბრა. კერძოდ, სად შეიძლება გამოჩნდეს გახარია, როგორ მიიღებს საზოგადოება ღარიბაშვილის მიერ გავლებულ მკვეთრ ხაზებს და როგორი იქნება შეცვლილი ოპოზიცია.
,,გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯები, რის შედეგადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შეიცვლება – შეიცვლება მმართველი პარტია და შეიცვლება ოპოზიცია. ირაკლი ღარიბაშვილი მკვეთრ ხაზს გაავლებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და მოიმადლიერებს “ქართული ოცნების” იმ ელექტორატს, რომელიც ასეთი ზღვრის წაშლის გამო დღემდე უკმაყოფილო იყო. მართლაც, “ქართული ოცნება” ზოგჯერ ლოიალურობას იჩენდა უსამართლობაში შემჩნეულ პირებთან. ვფიქრობ, ეს მიდგომა შეიცვლება. რაც შეეხება გახარიას, ვნახოთ, სად წავა ის, დატოვებს პოლიტიკას, გამოჩნდება რომელიმე პარტიაში თუ თავად შექმნის ახალ პოლიტიკურ ძალას.
მე არ მჯერა, რომ გახარიამ გუნდთან შეუთანხმებლობის გამო, ემოციურად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. არც იმის მჯერა, რომ ნიკა მელიას აღმკვეთმა ღონისძიებამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. გახარია არ ჰგავს იმ ტიპის პოლიტიკოსს, რომელიც ასე მარტივად, სხვისი მართული პროცესების გამო იღებს გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რა წარმატებით გაართვა თავი პრემიერის პოსტზე პირველ გამოწვევას, როცა ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ გამართეს აქცია – საპროტესტო შეძახილებით მივიდა მომიტინგეებთან და ტაშით გააცილეს. პანკისში მიზანმიმართულად გახვიეს პროვოკაციაში, მაგრამ გამოწვევას იმჯერადაც გაართვა თავი. შემდეგ იყო 20 ივნისი…
მისი ბრძანებით ისროლეს თუ არა, სისხლი დაიღვარა. თუმცა არ გადადგა და დავიჯერო ახლა, როცა ჯერ არაფერი იყო მომხდარი, ვაითუ რამე უბედურება მოხდესო და ამის გამო გადადგა?! არ ჰგავს ეს მის ხელწერას. ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება სულაც არ იყო გუნდში კონფლიქტი, უნდოდა და გადადგა, ნიკა მელია კი საბაბად გამოიყენა. თუ მან ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, მაშინ ქართულ რეალობაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს მივიღებთ…
როგორც კი დასავლელმა პარტნიორებმა “მამაო ჩვენოსავით” გაიმეორეს თავიანთი რეკომენდაციები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას, უფრო აქცენტირებულად კი ხელისუფლებას, პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდეს, იმ დღესვე რუსთაველზე დემონსტრაციები დაიწყო, კარვების გაშლა სცადეს. ამ აურზაურის მომწყობი ოპოზიციონერი ლიდერები ნორმალურები არიან?! ამ რეალობის გათვალისწინებით არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლებაც ძალისმიერ პასუხს გასცემს ოპოზიციას.
რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოცირებული ღარიბაშვილი ხისტი იქნება.
ოპოზიციის ამ საქციელს ლოგიკა არ გააჩნია. ერთადერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ, ყველაფერს აკეთებენ დესტაბილიზაციისთვის,”- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტის თქმით, დესტაბილიზაცია რუსეთს აძლევს ხელს. საყვარელიძე ასევე აღნიშნავს, რომ “მიშას კარტი” აღარ უნდა გათამაშდეს, თორემ ეს ქვეყნისთვის ცუდად დამთავრდება.
,,დესტაბილიზაცია საქართველოში რუსეთს აძლევს ხელს. სააკაშვილი და დანარჩენი ოპოზიციაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დიახაც რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. 20 ივნისსაც დესტრუქციულად მოქმედებდნენ “ნაციონალები” ნიკა მელიას მეთაურობით. როგორც აქამდე ამბობდნენ, ნიკა მელიას თუ დაიჭერთ, მოლაპარაკება აღარ შედგებაო. ასევე წარმატებით შეუძლიათ გვითხრან დღეს, კარავს თუ არ გაგვაშლევინებთ, მოლაპარაკება არ შედგებაო. ისე, “მიშას კარტი” აღარ უნდა გათამაშდეს, თორემ ეს ქვეყნისთვის ცუდად დამთავრდება.
ძველ ბერძნულ ამბავს მოვიყვან მაგალითად. სოკრატეს მიაჩნდა, რომ სასამართლომ არასწორი განაჩენი გამოუტანა – საწამლავით სიკვდილი მიუსაჯა. მისმა მოწაფეებმა უთხრეს, გადაგმალავთო, მაგრამ სოკრატემ იუარა და დალია საწამლავი, სამართალი უნდა აღსრულდესო. ჩვენ საქართველოში არა გვაქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება.
თუ გახარიამ გუნდში არსებულ კონფლიქტს ვერ გაუძლო და ამიტომ წავიდა, მისი სახელი ისტორიას ჩაჰბარდება, ხოლო, თუ გახარია ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” და დანარჩენი ოპოზიციაც რეიტინგების ქვედა ზღვარზე აღმოჩნდებიან. “ქართული ოცნება” და გახარიას ახალი პარტია ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნიან ქართულ პოლიტიკაში,”- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.