როგორ მოაკაკვინა თითი ჯანსუღ ჩარკვიანს გურულმა გლეხმა – სახალისო ისტორია

ქართველმა მკითხველმა კარგად იცის ნოდარ დუმბაძისა და ჯანსუღ ჩარკვიანის ენამახვილობის ამბავი. მათი მეგრობის ამბავიც, ალბათ, არავისთვისაა უცხო. რამდენჯერ გვწვევია აღფრთოვანება მათი ნაწარმოებების კითხვისას და ალბათ, გვიფიქრია კიდეც, თუ როგორ იხარშებოდა მწერლების გონებაში სხვადასხვა სახალისო თუ ტრაგიკული სიუჟეტი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს საკუთრ პროზაში, ჯანსუღ ჩარკვიანს კი, პოეზიაში გადმოჰქონდა. თუმცა, ყველა საინტერესო სიუჟეტებს ხომ თავად ცხოვრება სთავაზობს მწერლებსაც და თითოეულ ჩვენგანსაც… სწორედ ერთი ასეთი ცნობილი, სახალისო ისტორია გვინდა, გაგიზიაროთ მწერლების ცხოვრებიდან.


„ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს – არ შეიძლება, ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის „ჟიგულში“ ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად – ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა – 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა:

ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!

ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები