ლაშა ბაქრაძე – „საქართველოს პირველი რესპუბლიკა მსოფლიო კონტექსტში“
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“…
23 თებერვალს, 14:00 საათზე, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და გერმანისტი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე გამართავს ლექციას – „საქართველოს პირველი რესპუბლიკა მსოფლიო კონტექსტში“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ეს იქნება პირველი ლექცია ახალი ციკლიდან, რომელსაც
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი იწყებს და რომელიც ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავს.
ლექციათა სერიის ფარგლებში საუბარი იქნება 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, შემდგომ რეპრესიებზე, ოკუპაციის შედეგებზე, რომლებიც აისახა საქართველოს ეკლესიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების ისტორიაზე; ასევე, საუბარი იქნება საბჭოთა იდეოლოგიასა და მის ზეგავლენაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და სხვა.
ლექციათა კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საბჭოთა წარსულის შესწავლას და საბჭოთა მემკვიდრეობის სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ლექციებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ისტორიკოსები, ასევე სამართალმცოდნეები, ხელოვნებისა და ლიტერატურის სპეციალისტები და ექსპერტები.
ლექციები გაიმართება ყოველ თვე. განრიგი ეტაპობრივად გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე.
ლექცია გაიმართება ოკუპაციის მუზეუმის საგამოფენო დარბაზიდან და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ZOOM-ის პლატფორმაზე. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაცია: shorturl.at/aQY25