ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფომ პაციენტებისთვის ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა უზრუნველყო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სამედიცინო მომსახურეობებზე ფასების დადგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე არსებობს.
„მინდა შევეხო სამედიცინო მომსახურებებზე ფასების დადგენის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლიდან სამინისტრომ დაიწყო ერთიანი სატარიფო პოლიტიკის გატარება. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. გარდა იმისა, რომ ახალი ტარიფებიდან გამომდინარე შემცირდა მოქალაქის ჯიბიდან დანახარჯები, სახელმწიფომ უზრუნველყო ძვირადღირებული კარდიოლოგიური მოწყობილობის-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემა პაციენტებისთვის. აღნიშნული მომსახურებით უკვე სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელთა მხრიდან თანაგადახდა 19 000 ლარიდან 750 ლარამდე შემცირდა. ტარიფების დადგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება სხვა ნოზოლოგიების მიმართულებითაც და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით ინფორმაციას იმ მომსახურებების შესახებ, რომლებიც მათთვის ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტარიფიკაციაზე მუშაობის პროცესში ჩვენ ვხელმძღვანელობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ დეტალზე, რომელიც ქმნის მომსახურების ღირებულებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.