ეკატერინე ტიკარაძე: სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი დავიწყეთ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმასა და სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30 პროცენტი სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა.
„პანდემიის პარალელურად, მოსახლეობის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავიწყეთ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოს, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც უპასუხებს მოსახლეობის მოთხოვნას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მისაღებად. დღეს საქართველოს საწოლფონდში სახელმწიფო დაწესებულებების წილი არის მხოლოდ 15%. ხოლო ევროპის ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 50 პროცენტზე მეტია. ძლიერი სახელმწიფო დაწესებულებები ნიშნავს მზაობას მოსახლეობის მასშტაბურ სამედიცინო საჭიროებებზე პასუხისთვის. ამის მაგალითი სულ ახლახანს ვიხილეთ, როდესაც კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა“,- განაცხადა ტიკარაძემ.