ირაკლი ღარიბაშვილი: ირაკლი კობახიძემ წამყვანი როლი შეასრულა მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანის უდიდეს საქმეში
„2016 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის სახელით მიღებული დამსახურებული ჯილდო მიულოცა.
„2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა და დასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფორმა, როგორიც იყო მისი ასი წლის წინამორბედი. ამიტომ, მინდა, მივულოცო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც დღეს საქართველოს პარლამენტის სახელით მიიღო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს მართლაც ეროვნული კონსენსუსის დოკუმენტი ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.
„ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, ამ სიტყვებით იწყება მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია, რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონი სასწაულს უწოდებდა, რომელმაც ეროვნული კონსენსუსი უმაღლესი იურიდიული ძალის დოკუმენტად ჩამოაყალიბა. ამ კონსტიტუციით, ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი მტკიცე და შეუქცევადი მიზანია. ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ აღარასოდეს მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოქალაქეების უფლებების დაკნინების ხარჯზე. ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ვეღარასოდეს მოირგებს საკუთარ თავზე რომელიმე პოლიტიკური ძალა, თუ მმართველი. ამ კონსტიტუციით ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით ყველა იმ კულტურულ მარკერზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, თვითმყოფადობას მრავალფეროვან სამყაროში, და რომლებიც თავისუფლების და დემოკრატიის იდეებს, ოჯახს და ეკლესიას ეფუძნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.