გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ახალი რექტორი წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორად სოფიო აბულაშვილი დაინიშნა. ახალი რექტორი თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. გეკა გელაძემ სოფიო აბულაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოფიო აბულაშვილს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას, რაც სასწავლებლის ინსტიტუციურ განვითარებასა და გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

“ახლად დანიშნულმა რექტორმა გამოცხადებული ნდობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორის თანამდებობაზე სოფიო აბულაშვილმა მალხაზ ჩიტაია შეცვალა. გეკა გელაძემ მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები