კარლ ჰარცელი: დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება
“კონსტიტუციის კითხვისას ნათელია მესიჯი, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.
კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს კონსტიტუციას ძალიან პროგრესული ხასიათი ჰქონდა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ ღონისძიების ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ჩემთვის, როგორც ევროპელისთვის ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. კონსტიტუციის კითხვისას ნათელია ძალიან ნათელი მესიჯი, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია. ამ კონსტიტუციას ძალიან პროგრესული ხასიათი ჰქონდა, ის ქალებსა და კაცებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებდა. ასევე უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თავისუფალი შეკრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ჩემთვის და ჩემი ევროპელი კოლეგებისთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ვიყოთ. დიდი მადლობა ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ დღეს“, – აღნიშნა ჰარცელმა.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე.
„ჩვენ ვუბრუნდებით რეალობას და რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, რათა ეს ვითარება დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, რათა დახმარება გავუწიო ამ პროცესს. დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.