ირაკლი ღარიბაშვილს ნდობას ვუცხადებ, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ მან უკვე უზარმაზარი გამოცდილების დაგროვება მოასწრო.
,,ბოლო დღეებში დატრიალებული მოვლენები საზოგადოებაში ორი კუთხით აისახება. პირველი არის შიში იმის გამო, რომ ქვეყანა უფრო არ აირიოს და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის მდგომარეობა უფრო არ დამძიმდეს. მეორეა გარკვეული იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ საკადრო ცვლილებები, რომლებიც მთავრობაში ხორციელდება, იქნებ სასიკეთოდ აისახოს ქვეყნის ეკონომიკასა და ხალხის მდგომარეობაზე. საზოგადოებრივი მოლოდინის ამ ორივე მიმართულებას საფუძველიც გააჩნია და არსებობის უფლებაც…
მე, როგორც ბიზნესმენი, და საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საზოგადოებისგან მოწყვეტილი ვერ ვიქნები. სახელმწიფო მართლაც უმძიმეს ვითარებაშია. ქვეყნის შიგნის პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ქვეყნის გარედანაც მრავალ პრობლემას გვიქმნიან მეზობელი თუ არამეზობელი სახელმწიფოები. პანდემიამ, ისედაც სუსტი ქართული ეკონომიკა, თითქმის გადატეხა ხერხემალში. ამ ვითარებაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა და ხალხი მძიმე საგონებელში ჩააგდო. ვინ მოვა? ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას? ვინ შეძლებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ფეხზე წამოყენებას? ეს შეკითხვები აწუხებს მთლ ქვეყანას. და აი, ამ დროს გაისმა მთელი ქვეყნისთვის ნაცნობი გვარი, ვინც პრემიერ მინისტრის პოსტზე მმართველმა პარტიამ დაასახელა – თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ მან უკვე მოასწრო უზარმაზარი გამოცდილების დაგროვება. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძნელ პერიოდში ჩაუდგა სათავეში და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ურთულესი სფერო სააკაშვილისდროინდელი ძალმომრეობის მონსტრიდან, უმოკლეს დროში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დემოკრატიულ ინსტიტუტად ჩამოაყალიბა. ამაში საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დამეთანხმება, თუკი იგი პოლიტიკური მიკერძოების სენით არ არის შეპყრობილი. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ქვეყნის პრემიერ მინისტრის თანამდეობბაზე დაწინაურებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანალოგიური რეფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა და, დღეს თუ ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში მმართველობის დემოკრატიულმა ფორმამ საბოლოოდ გაიმარჯვა, დემოკრატიული ინსტიტუტები ამოქმედდა და ადამიანები შიშის სინდრომისგან გათავისუფლდნენ, ამაში ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება უზარმაზარია. იგი თავდაცვის მინისტრის პოსტზეც წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველა პრობლემა მოგვარებულია. არავითარ შემთხვევაში. ქვეყნის წინაშე, როგორც იდგა, ისევე დგას ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირის, უმუშევრობისა და ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის, დემოგრაფიისა და მრავალი სხვა პრობლემა, რომლებიც გადაჭრას ითხოვს, მაგრამ ასეთი სასწაულები ერთბაშად არ ხდება. ამას, დროსთან ერთად, მტკიცე ნების, სიტუაციაში სწრაფად გარკვევისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, რომ მმართველმა პარტიამ აბსოლუტურად სწორი გადაწვეტილება მიიღო, როდესაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად სწორედ ის პიროვნება დაასახელა, ვინც დემოკრატიული რეფორმების სათავეებთან იდგა და მისი ერთ-ერთი სულისჩამდგემლი იყო. ირაკლი ღარიბაშვილს ხშირად წამოაძახებენ ხოლმე, რომ მას ხისტი ხასიათი აქვს. ეს მისი პიროვნული მახასიათებლების კონტექსტიდან ერთი თვისების ამოგლეჯილად წარმოდგენაა. პიროვნება ხასიათისა და უნარ-ჩვევათა ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში სრულიად სხვა სურათს აღმოვაჩენთ: ირაკლი ღარიბაშვილი განსწავლული და გამოცდილი პიროვნებაა. მის ხასიათში მთავარი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაა. იგი შინაგანად მართალი კაცია, ვერ იტანს სიცრუესა და ზედაპირულობას, აქვს შესანიშნავი ერუდიცია და ადამიანებთან ურთიერთობის მაღალი კულტურა, გააჩნია მოვლენათა არსში წვდომისა და მოსმენის ნიჭი. ექსტრემალურ ვითარებაში შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. იგი საკითხს ყოველთვის საფუძვლიანად სწავლობს, ბევრს ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღებამდე წვალობს კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას მიიღებს, შეუვალი ხდება. ეს არ არის ხასიათის სიხისტე, ესაა ხასიათის სიმტკიცე.
ჩემი ღრმა რწმენით, დიდი გამოცდილება და ხელმძღვანელისთვის აუცილებელი თვისებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გააჩნია, გვაძლევს საფუძველს, რომ მის მიმართ ნდობით განვიმსჭვალოთ. ნუ დაგვავიწყდება, იგი არ მოდის იმ სახელმწიფოს სათავეში, სადაც პოლიტიკური ცხოვრება დალაგებულია, ეკონომიკა მყარია, ცხოვრების დონე მაღალია და ყველაფერი საათივით აწყობილია. პირიქით, ყოველივე ამის საშინელი დეფიციტის პირობებში, მას ეყო შინაგანი ძალა ქვეყნისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის ასაღებად. ამისთვის მხოლოდ რაინდული ბუნება და ვაჟკაცური შემართება არაა საკმარისი, ამას საქვეყნო საქმისთვის თავგანწირვის უნარი სჭირდება…
წარმატებები ვუსურვოთ ბატონ ირაკლის და იქნებ, ამ ერთხელ მაინც, ვცადოთ, რომ, როგორც იტყვიან, ერი და ბერი, დიდი და პატარა ერთ მუშტად შევიკრათ და მხარში დავუდგეთ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ჩიხიდან ქვეყნის გამოყვანის პოტენციალი გააჩნია, “- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.