მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულებს 3000 და 4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი დასრულდა.

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გიორგი (ბეხვა) ნეფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ხოლო როსტომ აფციაურს – 4000-ლარიანი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი – როსტომ აფციაური და გიორგი ნეფარიძე ინცინდენტიდან მალევე დააკავა.

გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები