„ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე” – ქეუ მეფარიშვილის გამოფენა

19 თებერვალს, 15:00 საათზე, The Why Not Gallery ქეუ მეფარიშვილის სოლოგამოფენას – „ოლე, ანუ მარტოდ მდგარი ხე” წარმოადგენს.
„გამოფენა შიშის არქივივითაა, თითოეული ნამუშევარი მან დაბადა. ჩემი ცხოვრების დიდი დრო შიშზე მედიტაციასა და მის დასამარცხებლად მუშაობას მიაქვს. ძველად ყარაჩოღელებს იმდენი გრამი ვერცხლის ქამარი ეკეთათ, რამდენიც დაკრძალვა ღირდა, – თითქოს სიკვდილის შიში სულ თან დაჰქონდათ“. –  ქეუს წერილიდან.
გალარეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოფენის სახელწოდება გიორგი ლეონიძის ლექსის „ოლეს“ (1931 წელი) სათაურიდან არის აღებული. ქართული სიმბოლისტური პოეზიის შედევრი, „შიგნიდანვე გამომწვარი მარტოობის შხამით“ ხე, ოლე, მარტოსულობით დაუძლურებული, მაგრამ ძლიერი ადამიანის სიმბოლო, ერთგვარი მანტრაა ხელოვანისთვის და, როგორც თვითონ აჯამებს, „გამოფენა არის მედიტაცია შიშზე და მასთან ერთად ცხოვრების შესახებ”.
ქეუ მეფარიშვილის შემოქმედებითი პროცესი გამოირჩევა მუდმივი ექსპერიმენტაციით, ახალი მასალებისა და ფორმების ძიებით. ხელოვანმა გამოიყენა ისეთი მასალები და ტექნიკა, როგორიცაა: კერამიკა, ფიჭა, ცვილი, ქრომირება, ტუფტირება.
მულტიმედია ხელოვანი ქეუ მეფარიშვილი (დ.1995წ.) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. იგი სწავლობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მიატოვა და სწავლა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-Tbilisi), არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამაზე დაასრულა 2016 წელს. სწავლის დამთავრების შემდეგ ქეუ და ხელოვანი სალომე დუმბაძე ერთად მუშაობდნენ და კოლექტიურ ნამუშევრებს SHRAM Collective სახელით ქმნიდნენ.
ქეუს შემოქმედება ძალიან მრავალმხრივია, იგი ბევრს ექსპერიმენტირებს მასალებსა და გამოხატვის ფორმებში, და, ძირითადად, მუშაობს ქანდაკებაზე, ვიდეოსა და ინსტალაციაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები