„შეხვდი მეცნიერს“ – ნინო ხუნდაძის ლექცია
23 თებერვალს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება ნინო ხუნდაძესთან, რომელიც არის ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექცია შეეხება ქართველ პროფესიონალ მხატვართა პირველი თაობის წარმომადგენელს – გიგო გაბაშვილს, რომლის შემოქმედება თავისი მასშტაბითა და გამორჩეული მხატვრული ფორმით ერთგვარად „მოულოდნელადაც კი გამოიყურება“ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ფონზე.
გიგო გაბაშვილის ცხოვრება, მისი პიროვნება, საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. იგი გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ მთელი თავისი მემკვიდრეობა ქართველ ხალხს უსახსოვრა და ეს უდიდესი კოლექცია დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
ლექციის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება გიგო გაბაშვილის შემოქმედების საინტერესო ნიმუშები, მრავალფეროვანი მედია. ასევე, საუბარი იქნება იმ სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებზე, რომლებიც მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ირგვლივ ხორციელდება.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება. დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3au9L4Y