აშშ-ში მზად არიან, ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებას დაუბრუნდნენ, თუმცა, თეირანს პირობას უყენებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის, დაუბრუნდეს 2015 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეეხება – თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თეირანი შეთანხმების პირობებს შეასრულებს. აშშ შეთანხმებიდან თითქმის სამი წლის წინ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გავიდა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი აღარ მოითხოვს ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაგრძელებას და, ასევე, შეარბილებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაერო-ში აკრედიტებული ირანელი დიპლომატების გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენსა და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმომწერი სამი ქვეყნის: ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი.

ლონდონი, პარიზი და ბერლინი ბაიდენის მზაობას მიესალმება, თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ აშშ-მა პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგას.

ირანმა შეთანხმების შესრულების დარღვევა 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა ის დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბოლო თვეებში კი თეირანის მხრიდან დარღვევები მზარდია.

როგორც ზარიფმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ირანზე პასუხისმგებლობის აკიდების ნაცვლად, დასავლეთმა საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და მოითხოვოს ტრამპისგან დატოვებული მემკვიდრეობის შეწყვეტა, რომელიც ირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ ტერორიზმში გამოიხატება. ჩვენი ზომები აშშ-ის მხრიდან შეთანხმების დარღვევის საპასუხო ქმედებაა. უნდა აღმოფხვრათ მიზეზი, თუ გეშინიათ შედეგების”.

2015 წელს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით, ისლამურმა რესპუბლიკამ შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და სანაცვლოდ გაუქმდა მის მიმართ დაწესებული სანქციები. 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ გამოიყვანა ქვეყანა შეთანხმებიდან რადგან ჩათვალა, რომ ის არ არის საკმარისად მკაცრი, რომ ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის განვითარებაში და მკაცრი სანქციები დაუწესა თეირანს.

ირანი ყოველთვის უარყოფდა, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის და აცხადებდა, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები