გიორგი ვაშაძე: სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის
“სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა.
„გუშინ ყველას ერთიანი ძალისხმევით თავიდან ავიცილეთ ძალიან მძიმე კრიზისი, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომელიც შეიძლება, მომხდარიყო, თუმცა, დღეს ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ყველა მხარის მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა. სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება.
ჩვენმა მეგობარმა ფასილიტატორმა ელჩებმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზაყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი“, – განაცხადა ვაშაძემ.