როგორც გუშინ გახდა ცნობილი, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებით, ღარიბაშვილის გაპრემიერებით ოპოზიციას უფრო რთული დღეები ელის. რა პროცესებთან გვაქვს საქმე – „კვირა“ პოლიტიკურ მიმომხილველს, სანდრო თავალჭრელიძეს ესაუბრა.
-გახარიას გადადგომა იყო თუ არა პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი. როგორც მან თქვა, მისი მიზანი სიტუაციის განმუხტვა იყო. გამოუვიდა ეს თუ არა?
ყოველ შემთხვევაში, დავინახეთ, რომ პატიოსანი ადამიანია და არ წავიდა თავისი სინდისის წინააღმდეგ.
“ოცნების” რეაქცია და პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილი წარდგენა რამდენად ადეკვატური იყო?
სხვა ვინ უნდა დაენიშნათ. სხვა არც არავინ ჰყავთ. ის გამოცდილი მაინც არის.
რას უნდა ველოდოთ პრემიერ ღარიბაშვილისგან?
უფრო ხისტ პოლიტიკას. ჩვენ ვნახეთ, რას აკეთებდა პრემიერმინისტრობის დროს. არ მგონია, დიდად შეცვლილიყო.
-პოლიტიკური მიზანშეწონილობა თუ კანონი? რას იზამს ხელისუფლება. საერთაშორისო საზოგადოება აშკარად პოლიტიკურ მიშანშეწონილობის მხარესაა?
არ შეიძლება ასე. თვითონ შეერთებულ შტატებში ან ევროპაში რომ მომხდარიყო მსგავსი, რასაც ოპოზიცია
და მათი ლიდერი – მელია აკეთებს, რას იზამდნენ? მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან მაინც აღსრულდება კანონი მელიასთან მიმართებით. მით უმეტეს, ღარიბაშვილის პირობებში. ხოლო გახარია ჭკვიანი ადამიანია. აშკარად კარგად ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა, როცა გადადგა. მე მეჩვენება, რომ ეს ნაბიჯი მის სამომავლო სტრატეგიას ეხმიანება და წაადგება.
-ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გესახებათ მოვლენების განვითარება?
გაჩნდება ახალი, ანუ მესამე პოლიტიკური ძალა.
-ახალ ძალის ლიდერად გახარიას მოიაზრებთ?
ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან გამიხარდება, თუ ეს ასე იქნება.
-რიგგარეშე არჩევნებზე რას ფიქრობთ. როდის შეიძლება, დაინიშნოს?
მაშინ, როცა ეს ახალი პოლიტიკური ძალა მომაგრდება იმდენად, რომ მოიგოს არჩევნები.
-მელიას დაკავებას რა ვადებში ელოდებით?
არ მგონია, რომ დღეს ან ხვალ, მაგრამ არც ძალიან გაიწელება. ყოველ შემთხვევაში, თუ მისი ადვოკატები მის განაჩენს არ გაასაჩივრებენ სააპელაციოში ან უზენაესში, არ ვიცი, ზუსტად როგორაა – ეს კანონითაა გათვალისწინებული, მელიას აუცილებლად დააპატიმრებენ, მაქსიმუმ, ერთ თვეში ან უფრო ადრეც. ხელისუფლებას უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. სხვანაირად სახელმწიფო არ არსებობს.
-დასავლეთის რეაქცია როგორი იქნება, ისინი თანხმობისა და მშვიდობას მოგვიწოდებენ.
მესმის, მაგრამ არ მგონია, მელიას დაპატიმრებას დიდი არეულობა და პროტესტი მოჰყვეს. ეს ხომ სპეციალურად გააკეთა ოპოზიციამ. ბატონი სააკაშვილის ჩაფიქრებული პროვოკაციაა და მგონი, ამას დასავლეთშიც ხვდებიან.