ნიკოლოზ სამხარაძე მაიკე ვან კოლდამს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოსა და ჰოლანდიას შორის 2019 წლიდან მოყოლებული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არის პოზიტიური დინამიკა. დიპლომატთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა „საგარეო პოლიტიკის შესახებ” პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება და რომლებზეც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად მუშაობენ. მხარეებმა, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე და იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი ამას საქართველოს საწინააღმდეგოდ. შეხვედრისას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში ნატო,ს უფრო მეტ ჩართულობაზე. მხარეებმა ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დიპლომატს, საპარლამენტო დღის წესრიგზე ესაუბრა, გააცნო დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.