ნიკოლოზ სამხარაძე: უმრავლესობის არცერთ წევრს არ სურს რაიმე დაძაბული სცენარის განვითარება, თუ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს, ეს საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრება

უმრავლესობის არც ერთწევრს არ სურს რაიმე დაძაბული სცენარის განვითარება, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო. რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ეს მშვიდობიანად გადაიჭრება, თუ მელია გირაოს გადაიხდის.

„გიორგი გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც უმრავლესობის სხდომაზე აკეთებდა. ძალიან სასაცილოა ოპოზიციის მიერ 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრორუსულობაში დადანაშაულება. ერთი კონკრეტული მაგალითი მოიყვანონ, რაში გამოიხატება „ქართული ოცნების“ პრორუსულობა და მე მოგიყვანთ ას მაგალითს, რაში გამოიხატება „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულობა. უმრავლესობის არც ერთ წევრს არ სურს რაიმე დაძაბული სცენარის განვითარება. ჩვენ ყველას გვინდოდა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად გადაჭრილიყო. ამისთვის ნიკა მელიას ჰქონდა ძალიან დიდი დრო და ვადა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად მოგვარებულიყო. შესაბამისად, მან ეს გზა არ აირჩია. რაც შეეხება გახარიას განცხადებას, ჩვენ დღესაც გვინდა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრას, თუ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს, ეს საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები