საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად გახარიამ “ქართული ოცნების” გუნდთად უთანხმოება დაასახელა. მისი განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში ის მხარს არ უჭერს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკანორ მელიას დაპატიმრებას და მიაჩნია, რომ ეს გარემოება ქვეყანას დესტაბილიზაციისაკენ წაიყვანს. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები – „კვირა“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
-რა შეფასებას მისცემთ პრემიერის გადადგომას, როგორ შეიძლება – განვითარდეს მოვლენები?
გახარიას გადადგომა, ბუნებრივია, არაორდინალური მოვლენაა. მით უმეტეს, მაშინ, როცა ივანიშვილი, ანუ გამარჯვებული პარტიის ლიდერი წავიდა. ახლა უკვე გამარჯვებული პარტიის მეორე ლიდერი მიდის. ეს ყველაფერი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მისი განმარტება ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ახლა მნიშვნელოვანია, სად წავიდა გახარია, ოპოზიციაში თუ საერთოდ პოლიტიკიდან. გასარკვევია, შეუძლია თუ არა ,,ოცნებას,, პრემიერის პოსტზე წონადი და ავტორიტეტული კანდიდატის შემოთავაზება.
-თუ გახარია გუნდიდან წავიდა და პოლიტიკაში რჩება, ეს რას ნიშნავს?
ეს საინტერესო გაგრძელება იქნება. დავუშვათ, გახარია მიდის ოპოზიციაში და ქმნის ახალ პარტიას, რისი რესურსიც მას ნამდვილად აქვს – უნდა ვთქვათ, რომ მას არც პარტიის შექმნა გაუჭირდება და არც მხარდაჭერების მოძიება. ეს უკვე იქნება ახალი პარტიული ელემენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ანუ ერთგვარი მესამე ძალა.
-ანუ თქვენ რიგგარეშე არჩევნებს არ გამორიცხავთ?
არა, არ გამოვრიცხავ. თუმცა, გააჩნია დროს. გამომდინარე იქედან, რომ ახალ პრემიერსა და ახალი კაბინეტის ფორმირებას ახალი არჩევნები არ სჭირდება, ყველაფერი დამოკიდებულია “ქართულ ოცნებასა” და მის დარჩენილ ლიდერებზე. გააჩნია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.