ვინ არიან “კვირას” გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელები – ჟურნალისტები დაზარალებულად ცნეს

მედიაჰოლდინგ “კვირას” ჟურნალისტი და ოპერატორი დაზარალებულად ცნეს. ჭიათურის სოფელში მედიაზე თავდასხმასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის დაკავებულებს კი ბრალი წარუდგინეს.

როგორც “კვირას” ჟურნალისტი, ანუკა ლიპარიშვილი ამბობს, როსტომ აფციაურმა და გიორგი ნეფარიძემ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“მე და ჩემი ოპერატორი, სანდრო ვაშაკიძე დაგვიბარეს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. ორივე ბრალდებული ამოვიცანით, გიორგი ნეფარიძე და როსტომ აფციაური, რომლებმაც ჩვენზე იძალადეს სიტყვიერად და ფიზიკურად. ძალიან სტრესული და დაძაბული ორი დღე გვქონდა, ჩვენს მძღოლს ამის ფონზე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მე და ჩემი ოპერატორი ახლაც სტრესულ მდგომარეობაში ვართ. სრული შოკი მაქვს”, – ამბობს ანუკა ლიპარიშვილი.

ჟურნალისტი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას,  თითქოს, სამართალდამცველებმა გიორგი ნეფარიძე უკანონოდ დააკავეს.

“მინდა, აქვე ერთი განმარტება გავაკეთო. შემთხვევის მეორე დღეს, როდესაც მე და სანდრო მთელი დღის განმავლობაში პოლიციის შენობაში ვიყავით გამოკითხვებსა და სხვა სამართლებრივ პროცედურებზე, დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ სხვა, უდანაშაულო პირი დააკავა – კონკრეტულად გიორგი ნეფარიძე, რომ თითქოს ის არ მონაწილეობდა თავდასხმაში და საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას. არა და, სწორედ გიორგი ნეფარიძე, რომელსაც ადგილობრივები მეტსახელით “ბეხვა” იცნობენ, არის ის, ვისაც მანქანიდან გადმოსვლისას ჯოხი ეჭირა და ჩვენკენ საკმაოდ აგრესიული შეძახილებით მოდიოდა. ორივეს სახე კარგად მახსოვს, არც დამავიწყდება კიდევ დიდხანს. სამართალდამცველებს, მედიაში გავრცელებული კადრების გარდა, შავი მასალაც მივაწოდეთ, თავიდანვე დეტალურად მოვუყევით იმ დღეს განვითარებული მოვლენები, თავდასსხმის მომენტიც, აღვუწერეთ ინციდენტში მონაწილე პირებიც და უკვე ამოცნობის შემდეგ გავიგეთ მათი ვინაობა.

რაც მოხდა, არის კლასიკური მაგალითი მედიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და ვინც ცდილობს, დამნაშვეებს ხელი დააფაროს, მიმაჩნია, რომ თავადაც დამნაშავეა, რადგან ძალიან რთული ორი დღე გავიარეთ. ჩვენი პოზიცია არის პრინციპული და არავინ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ვაპირებთ, რომ ბოლომდე ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან “, – ამბობს ანუკა ლიპარიშვილი.

როგორც “რეგიონული კვირისთვისაა” ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით ამ ორი დღის განმავლობაში სხვა პირებიც გამოკითხეს.

ამასთან, “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, როსტომ აფციაური  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანის გარდაცვალების საქმეზე წარსულში უკვე ნასამართლევია.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი – როსტომ აფციაური და გიორგი ნეფარიძე უკვე დააკავა. გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები