ივერი მელაშვილი: როცა ჰაერზე ამბობ, რომ თურმე ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, სულ მცირე, დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუე

“როცა ჰაერზე ამბობ, რომ თურმე ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე, დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლოს მიმდინარეობისას განაცხადა.

„წარმოუდგენელია ისეთი რამის მტკიცება, რაც ბრალდებას წარმოდგენილი აქვს. 200 000-იანი რუკიდან გამომდინარე ლაპარაკობენ იმაზე, თითქოს, ოდესღაც საზღვარი ისე გადიოდა, როგორც იმ რუკაზეა მითითებული და, თურმე, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ძირგამომთხრელი მოქმედებების შედეგად გადასცეს მეორე მხარეს.
არ არსებობს ამის არც დოკუმენტალური მასალა, არც სხვა რუკა, რომ ადასტურებდეს, იმეორებდეს ისეთ დახაზულობას, როგორც 200 000-იანი მასშტაბის რუკაზეა. თუ ქართული მხარე სარგებლობდა, მას მიწათსარგებლობა უნდა ჰქონოდა, ეს საბჭოთა კავშირის დროს ეჭვგარეშე იყო ან კოლმეურნეობას უნდა კუთვნებოდა ან საბჭოთა მეურნეობას და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესენი არ გაქვს და ჰაერზე ამბობ, თურმე, რაღაც ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, სულ მცირე დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებებში მოყვანილია და ისეთი “ტყუილებია მითითებული, რომ პირველი კურსის იურისტს ეჭვი შეეპარებოდა”.

“თურმე, აზერბაიჯანის დელეგაცია საქართველოს დელეგაციასთან ერთად შეკრებილა დავით გარეჯის მონასტერში, იქ რუკები გაუშლიათ და მამაოებთან ერთად დაუწყიათ მისი განხილვა, თან აზერბაიჯანის დელეგაციაში ვიღაც ქალბატონი ყოფილა.
„იცით, რაშია საქმე? მუსლიმები არიან, წარმოუდგენელი რამეა, მათი შეკრება მონასტერში მომხდარიყო, ეს იგივეა, აზერბაიჯანში შეხვედრაზე რომ გადავდივართ, მეჩეთებში შევიკრიბოთ. ამას გარდა, აზერბაიჯანის დელეგაციაში ქალი არ ყოლიათ, პირადად მე ასეთი რამ არ მახსოვს. ამას ხომ მოგონება უნდა, ტყუილი უნდა შეთხზა, გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი იძიებს, რიგითი პატარა გამომძიებლები ხომ არ არიან? ეს ყველაფერი იმას მაფიქრებინებს, რომ მიზანმიმართული ქმედებებაა”, – განაცხადა მელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები