არჩილ თალაკვაძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ან ლინდეს ვიზიტი სოლიდარობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ეუთო-სთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.
თალაკვაძის თქმით, შვედეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე. პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ესაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატსა და მის მნიშვნელობას.