ევროკავშირის ქვეყნებში, ჯამურად, 35 მილიონი კოვიდ ინფიცირებულია, ხოლო გარდაიცვალა ნახევარი მილიონი ადამიანი – ევროპის ცალკეული ქვეყნების ეპიდემიოლოგების შეშფოთების საგანს ახლა უკვე კოვიდის ახალი შტამები წარმოადგენს, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება

პანდემიის დაწყების დღიდან, ევროკავშირის ქვეყნებში აღირიცხა 35 მილიონი კოვიდ ინფიცირებული, ხოლო გარდაიცვალა ნახევარი მილიონი ადამიანი. ამ მონაცემების მიხედვით, ევროპა არის რიგით მეორე, ყველაზე დაზარალებული რეგიონი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შემდეგ. ბოლო პერიოდში გაერთიანების ცალკეულ ქვეყნებში შეინიშნება სიტუაციის სტაბილიზაცია, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. ბრიტანული და აფრიკული შტამების მაღალი გავრცელების საფრთხე. უფრო დეტალურად: შვედეთმა, დანიამ, გერმანიამ, იტალიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ გადალახეს კოვიდის მეორე ტალღის პიკი, თუმცა, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია საფრანგეთსა და ესპანეთში. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში კვლავ მოქმედებს ე.წ.  კომენდანტის საათი. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა პორტუგალიაშიც. რაც შეეხება ავსტრიასა და შვეიცარიას, კოვიდის მეორე ტალღის პიკი ქვეყნებმა გაიარეს ნოემბერის შუა პერიოდში. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ, კოვიდ ინფიცირების კლების მიუხედავად, იტალიასა და ესპანეთში კოვიდ რეგულაციები გასულ კვირას კიდევ უფრო გამკაცრდა და აიკრძალა მიმოსვლა ცალკეულ რეგიონებს შორის. და ბოლოს, ევროპის ცალკეული ქვეყნების ეპიდემიოლოგების შეშფოთების საგანს ახლა უკვე კოვიდის ახალი შტამები წარმოადგენს, რომელიც, არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრების მიხედვით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ  განაცხადა, რომ სკოლებში  პირბადეების ტარების წესის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პანდემიის პირობებში პირბადის ტარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სკოლების გახსნა, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ამ რეგულაციის ზედმიწევნით შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პირბადის ტარების წესების უგულებელყოფა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა სკოლებში“, – განაცხადა მან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა 17%-ით. თუმცა, მათივე თქმით, კლების ტენდენციის მიუხედავად, შეშფოთებას იწვევს კოვიდის ე.წ. ახალი შტამების გავრცელება, რომელიც ხასიათდება ინფიცირების უფრო მაღალი დონით. ასევე, ევროპასა და ცალკეულ ქვეყნებში, ვაქცინაციის პროგრამის ტემპი ნელია, რაც ასევე არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. ჯანმო-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყნებმა არსებული ეპიდვითარება აღიქვან მთელი სერიოზულობით, რადგან კლების ტენდენციამ შესაძლოა, ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს და შექმნას არასწორი მოლოდინები, რაც, საბოლოოდ, გამოიწვევს სიტუაციის დამძიმებას. მათივე თქმით, მსოფლიო ჯერ კიდევ სწავლობს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას.

იტალიაში სათხილამურო კურორტები კვლავ დახურული რჩება. იტალიის მთავრობამ, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის გადაწყვეტილება შეცვალა და კურორტების გახსნა 5 მარტამდე გადაავადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამის მასობრივად გავრცელების გამო იქნა მიღებული. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულების 17.8%-ს ე.წ. ბრიტანული შტამი გამოუვლინდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონის აცხადებს, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი კოვიდრეგულაციების მოხსნის საკითხთან მიმართებით და აანონსებს ეტაპობრივი გეგმის წარდგენას. მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლებში მოსწავლეების დაბრუნება, რაც, სავარაუდოდ, 8 მარტიდან იქნება შესაძლებელი. შემდგომ ეტაპზე კი მუშაობის უფლება მიეცემათ არაძირითადი მოხმარების მაღაზიებსა და სტუმართმოყვარეობის სექტორს. აღსანიშნავია, რომ პრემიერს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს კოვიდის ინფიცირების კლების ტენდენცია. თუმცა, მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში შეზღუდვები უნდა მოიხსნას ეტაპობრივად, რათ თავიდან იქნას აცილებული ახალი ეპიდაფეთქებები.

15 თებერვალს საკარანტინო კოვიდ სასტუმროებმა მიიღეს პირველი მოგზაურები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან შევიდნენ ბრიტანეთში, ასეთი ქვეყნები კი, ჯამურად, 33-ია. ასევე, დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 16 სასტუმროს 4,963 ოთახი, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, არსებობს კიდევ 50 ათასი ოთახის მობილიზების საშუალება. ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამოწვევასთან ბრძოლა უნდა იყოს შესაბამისი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი რეგულაციები.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში უმასპინძლებს დიდი შვიდიანის (G7) ვირტუალურ კონფერენციას, სადაც განხილვის მთავარი თემა იქნება პანდემია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების თანაბარი განაწილება ქვეყნებზე. „ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება ვაქცინის საჭირო დოზების მოპოვება და მათი შემდგომი განაწილება. ახლა მსოფლიოს თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობაა ერთობლივი მუშაობით ვაქცინის თანაბარი და სამართლიანი განაწილება“, – განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისათვის, დიდი შვიდიანის შეხვედრა იქნება პირველი მაღალი დონის მრავალმხრივი შეხვედრა, რომელსაც დაესწრება აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

ბუდაპეშტის 5 რაიონის მერმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მართვის მინისტრს თხოვნით მიმართეს, რათა მათ იურისდიქციაში მყოფი მაცხოვრებლების ვაქცინაცია, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ვაქცინებით მოხდეს. ისინი მთავრობას ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის ლობირებაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ხალხის ჯანმრთელობა პოლიტიკურ საკითხად არ შეიძლება იქცეს.

აშშ-ში ბოლო პერიოდში შეინიშნება კოვიდ ინფიცირების მაჩვენებელის კლების ტენდენცია. მცირდება ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, ყოველივე ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ შტატებმა პანდემიის ყველაზე რთული პერიოდი უკან მოიტოვეს. ვაშინგტონის ინსტიტუტის ერთ-ერთი მოდელირების მიხედვით, მომდევნო სამი-ოთხი თვის მანძილზე, პანდემიას კიდევ 130 ათასი ამერიკელის სიცოცხლეს შეეწირება. ასევე, მეცნიერების აზრით, მომდევნო თვეების მანძილზე ოთხი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს პანდემიის მიმდინარეობას. ესენია: ვაქცინაციის პროცესი, ვირუსის სეზონურობა, კოვიდის ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელება და, ზოგადად, კორონავირუსის გავრცელების დონე. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კვლავ შეშფოთებულები არიან კოვიდის ე.წ. ახალი შტამის გავრცელებით. CDC-ის გათვლებით, კოვიდის ე.წ. ბრიტანული შტამი, მარტის თვეში, აშშ-ში, იქნება ყველაზე მეტად გავრცელებული შტამი. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დიდი ალბათობით, კოვიდის ბრიტანული შტამი, ძველ შტამთან შედარებით, 70%-ით უფრო გადამდებია.

კვიპროსში მოქმედი ეპიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების წინააღმდეგ, 14 თებერვალს ასეულობით ადამიანი ქ. ნიქოზიის ცენტრში შეიკრიბა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა 8 ადამიანი დააკავეს.

კვიპროსსა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმებით, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული ადამიანები მ/წ მარტის დასაწყისიდან ორ ქვეყანას შორის მოგზაურობას შეუზღუდავად შეძლებენ. ამგვარი შეთანხმება ისრაელს საბერძნეთთან უკვე გაფორმებული აქვს.

COVID-19-ით ინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი გაერთიანებული სამეფოდან სომხეთში დაბრუნდა. ექიმების ცნობით, პრეზიდენტი მკურნალობას ერევანში გააგრძელებს.

ბოლო 24 საათში  რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 14 207 და გარდაცვალების 394 ფაქტი გამოვლინდა.

15 თებერვალს უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 2 332 და ლეტალობის 62 ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები