დიდი ბრიტანეთის პრემიერი შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას აანონსებს – პრიორიტეტი ბავშვების სკოლაში დაბრუნებაა/ამოქმედდა კოვიდ სასტუმროები

დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონის აცხადებს, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი კოვიდრეგულაციების მოხსნის საკითხთან მიმართებით და აანონსებს ეტაპობრივი გეგმის წარდგენას. მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლებში მოსწავლეების დაბრუნება, რაც, სავარაუდოდ, 8 მარტიდან იქნება შესაძლებელი. შემდგომ ეტაპზე კი მუშაობის უფლება მიეცემათ არაძირითადი მოხმარების მაღაზიებსა და სტუმართმოყვარეობის სექტორს. აღსანიშნავია, რომ პრემიერს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს კოვიდის ინფიცირების კლების ტენდენცია. თუმცა, მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში შეზღუდვები უნდა მოიხსნას ეტაპობრივად, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი ეპიდაფეთქებები.

15 თებერვალს საკარანტინო კოვიდ სასტუმროებმა მიიღეს პირველი მოგზაურები, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან შევიდნენ ბრიტანეთში, ასეთი ქვეყანა კი, ჯამურად, 33-ია. ასევე, დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 16 სასტუმროს 4,963 ოთახი, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, არსებობს კიდევ 50 ათასი ოთახის მობილიზების საშუალება. ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამოწვევასთან ბრძოლა უნდა იყოს შესაბამისი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი რეგულაციები.

უცხოური მედიიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიმდინარე კვირაში უმასპინძლებს დიდი შვიდიანის (G7) ვირტუალურ კონფერენციას, სადაც განხილვის მთავარი თემა იქნება პანდემია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების თანაბარი განაწილება ქვეყნებზე. „ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება ვაქცინის საჭირო დოზების მოპოვება და მათი შემდგომი განაწილება. ახლა მსოფლიოს თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობაა ერთობლივი მუშაობით ვაქცინის თანაბარი და სამართლიანი განაწილება“, – განაცხადა ჯონსონმა. ცნობისათვის, დიდი შვიდიანის შეხვედრა იქნება პირველი მაღალი დონის მრავალმხრივი შეხვედრა, რომელსაც დაესწრება აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები