სამხრეთ კორეა 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს
სამხრეთ კორეის ხელისუფლება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების ანგარიშების აკრძალვას განიხილავს.
ამის შესახებ მასობრივი კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომისიის ხელმძღვანელმა, კიმ ჩენ ჩოლმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე განიხილება იმ ალგორითმების გავლენის შეზღუდვის საკითხი, რომლებმაც შეიძლება 14-დან 19 წლამდე მოზარდებში სოციალური მედიის გადაჭარბებული გამოყენება წაახალისონ.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ქვეყნის პარლამენტში უკვე წარდგენილია დაახლოებით შვიდი კანონპროექტი, რომლებიც არასრულწლოვნების მიერ სოციალური პლატფორმების გამოყენების რეგულირებას ისახავს მიზნად.
კიმ ჩენ ჩოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლო შეზღუდვებს სიფრთხილით უნდა მიუდგნენ და ონლაინ თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებული წინა გამოცდილება გაიხსენა. 2011 წელს სამხრეთ კორეაში მიიღეს კანონი, რომელიც 16 წლამდე მოზარდებს ღამით – შუაღამისას დილის 6:00 საათამდე – ონლაინ თამაშებს უკრძალავდა. თუმცა, ის 2022 წლის იანვარში სათამაშო ინდუსტრიაზე უარყოფითი გავლენისა და მომხმარებლის ძირითადი უფლებების შეზღუდვის კრიტიკის გამო გაუქმდა.