უნგრეთში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის საქმეს იძიებენ
უნგრეთმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.
როგორც Bloomberg იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მადიარმა დაადასტურა, რომ სამართალდამცავი ორგანოები სიიარტოს მოსკოვთან კავშირებს იძიებენ, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ უთქვამს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო საუბრების გაჟონვის შემდეგ დაიწყო. სავარაუდოდ, ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ აწვდის პეტერ სიიარტო ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ევროკავშირის შიდა მოლაპარაკებების შესახებ და მოსკოვს მხარდაჭერას სთავაზობს ევროკავშირის სანქციების შემსუბუქებაში.
თავის მხრივ, სიიარტო აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.