ვისი “პროექტია” ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის მესამე პრეზიდენტის ვარაუდი

სომხეთის მესამე პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გაცნობის ისტორია გაიხსენა, ასევე, გასცა პასუხი კითხვას, შეიძლება, იყოს თუ არა ფაშინიანი მისი “პროექტი”.

“კაპიტულანტი, ჩემს თვალსაწიერში 1993 წლის ბოლოს გამოჩნდა. მაშინ, თავდაცვის მინისტრად რამდენიმე თვის დანიშნული ვიყავი და პირველი არწახის ომის დროს, ფრონტზე უამრავი წარმატების შემდეგ, გარკვეული პრობლემები გამოგვიჩნდა. და ის ამ პრობლემებით მანიპულირებდა, შეუსაბამო ფაქტები მოჰყავდა, უსაფუძვლო კრიტიკა, მხოლოდ ტკივილს გვაყენებდა – არა მარტო მე, არამედ – ჯარისკაცებსაც”, – თქვა სარგსიანმა.

მისი თქმით, მეორე შეხვედრა შედგა 90-ანების ბოლოს სასამართლოში, მესამე 2018 წელს სასტუმრო “მარიოტში”.

“არავითარი სხვა შეხვედრები შუამავლების მეშვეობით არ ყოფილა, არც სატელეფონო საუბრები გვქონია. ფიზიკურად ეს კაცი სამჯერ მყავდა ნანახი”, – თქვა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ საზოგადოებაში მუსირებს მოსაზრება, რომ ფაშინიანი მისი “პროექტია”, სარგსიანმა თქვა, რომ ეს აზრი სახალისოა.

“ასეთ პროექტს მტერსაც არ ვუსურვებდი. ასეთ უაზრობას შევუქმნიდი თაავს?”, – თქვა სარგსიანმა.

დამატებით რეპლიკაზე, რომ ფაშინიანი იმიტომ შეიძლება, ყოფილიყო მისი პროექტი, რომ მას ყარაბაღთან დაკავშირებით მტკივნეული გადაწყვეტილების მიღების არიდება უნდოდა, სარგსიანმა თქვა, რომ “კაპიტულანტი, ჩემი პროექტი არ არის”.

“ის არის იმ ძალების “პროექტი”, რომლებთან საერთო არასდროს მქონია. მასთან მხოლოდ უთანხმოება მქონდა, მათ შორის სომხეთისა და არწახის განვითარების საკითხში. კაპიტულანტი ჩვენმა ხალხმა აირჩია, ჩვენმა მოტყუებულმა ხალხმა, იმ “ძალების” დახმარებით. და ყველა ის, ვინც ამ თეზისს ავრცელებს, ნუ ცდილობს, პასუხისმგებლობა მე ამკიდოს”, – განმარტა სერჟ სარგსიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები