საქართველოში ჰესების მშენებლობების საკითხი პლებისციტის გზით შეიძლება, გადაწყდეს – „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნამახვანი ჰესის პროექტს შეისწავლის
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ენერგო-დამოუკიდებლობის პროცესში სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ჰესის მშენებლობებთან მიმართებით ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტით ინტერესდება და აღნიშნავს, რომ საზოგადოების შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ შეიძლება, მხოლოდ ცალმხრივად იქნეს განხილული და შეფასებული. საზოგადოებაში გრძელდება დისკუსია, თუ რამდენად მიზანშეწონილია ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელება, სახელმწიფოს, მშენებარე კომპანიასა და მოსახლეობას აქვს საკუთარი პოზიციები, თუმცა, წინასწარი შეფასებით, არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაციული სიმწირე, რომელიც პროექტის ირგვლივ საფრთხეებზე, სიკეთეებსა და შედეგებზე სრულ წარმოდგენას შექმნიდა. შესაბამისად, ორგანიზაცია დამოუკიდებლად შეისწავლის იმ სამართლებრივ მასალასა და მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერებას, რომელიც ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესში იქნა მიღებული. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსი, ყოველთვის მოითხოვს პრობლემური საკითხების დემოკრატიული წესით გადაწყვეტას. ქართულ სინამდვილეში, ნებისმიერი ჰესის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზნით არის წარმოდგენილი, მოქალაქეთა შორის, ერთიანი თანხმობით და პოპულარობით არ სარგებლობის. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მსგავსი საკითხების გადაჭრისა და განხორციელების მიზნით, საჭიროა საზოგადობის მხარდაჭერა და არამხოლოდ ექსპერტული წრეების კონსულიდაცია. ამდენად, ორგანიზაცია მთავრობას სთავაზობს, ჰესების მშენებლობის შეუთანხმებელ ტერიტორიულ ერთეულებში, მაქსიმალურად განახორციელოს მოსახლეობის განწყობების დადგენა, მოხდეს მათი სრული ინფორმირება და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ კუთხით, სახელმწფომ უნდა გამოიყენოს საერთო-სახალხო გამოკითხვის – პლებისციტის ფორმა, რაც საშუალებას გააჩენს, მოსახლეობამ დემოკრატიულად გადაწყვიტოს ბუნების თუ კულტურული ფენების დათმობის სანაცვლოდ, მძლავრი ჰესების მშენებლობის საკითხი. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა. პლებისციტს საქართველოში სამართლებრივი ინსტიტუტის ტრადიცია არ გააჩნია. პლებისციტი მხოლოდ ორ საკითხზე იქნა გამართული. კერძოდ, 2008 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მოსახლეობამ პლებისციტის სახით პასუხი გასცა ორ საკითხს: უნდა ჩატარებულიყო თუ არა საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. თუ საქართველოში ჰესების მშენებლობების საკითხი, პლებისციტის გზით შეიძლება გადაწყდეს, ორგანიზაცია მთავრობას საკითხის ინიცირებას 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად სთავაზობს, რაც მთლიანად გამორიცხავს დამატებით ფინანსურ საჭირობებეს. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ჰესების მშენებლობის საკითხზე სამართლებრივი მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია. 2014 წელს, ორგანიზაციამ შეისწავლა და გამოაქვეყნა დასკვნა მესტიის მუნიციპალიტეტში ხუდონჰესის პროექტის განხორციელების საკითხებზე და მოახდინა პროექტის სამართლებრივი ანალიზი.