მამუკა არეშიძე: ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს მყიფე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და დაბალი პოლიტიკური კულტურა, რევოლუციის უფლება არ აქვს – მას გადასარჩენად ევოლუციური განვითარება სჭირდება

“ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მედია, განსაკუთრებით – ტელევიზიები, ინტერესდებიან ერთი საკითხით – შევლენ თუ არ შევლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, არადა, ხალხს საერთოდ აღარ აინტერესებს, ვინ შედის და ვინ გამოდის. ხალხისთვის მთავარია შედეგი”,- ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს მყიფე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და დაბალი პოლიტიკური კულტურა, რევოლუციის უფლება არ აქვს – მას გადასარჩენად ევოლუციური განვითარება სჭირდება.

“უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მცდელობისა, “ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირება ვერ მოახერხა. პრაქტიკულად, ეს არის ერთი იდეოლოგიის ორი პარტია. ამ იდეოლოგიის მომხრე ამომრჩეველი, რომლის უმეტესობა სააკაშვილის ქარიზმის მოყვარულია, ბუნებრივია, არ დაუჭერდა მხარს”ევროპულ საქართველოს”. არასდროს მივიჩნევდი, რომ ამ პარტიას რაღაც განსაკუთრებული გარღვევა შეეძლო. ის, რომ “ევროპულ საქართველოში” იყო აზრთა სხვადასხვაობა და ზოგიერთი ლიდერი ფიქრობდა პარტიიდან წასვლაზე, ჯერ კიდევ ელენე ხოშტარიას განცხადებებით და მერე წასვლით გამოჩნდა. რომც თავი გავანებოთ “ევროპულ საქართველოს”, ზოგადად, არჩევნების შემდეგ დამარცხებულ პარტიებში იწყება ხოლმე შედეგის გაანალიზება, დამნაშავის ძებნა და ა.შ.

ის, რომ ბოკერიას მიმართ იყო უკმაყოფილება, შორიდანაც ჩანდა. საბოლოდ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. პარტიას რომ უკეთესი შედეგი ეჩვენებინა, ალბათ, არ დაიშლებოდნენ, მაგრამ მათი საარჩევნო ტაქტიკაც არ იყო სწორი, როდესაც ლიდერები სიის მეორე ოცეულში ჩასვეს.
ამით იმის ჩვენება უნდოდათ, რომ ისინი პარლამენტში 20-კაცზე მეტს შეიყვანდნენ, რამაც არ გაამართლა. დავით ბაქრაძის წასვლა დიდი დანაკლისია ამ ტიპის პარტიისთვის. როგორც ჩანს, ეს რჩება ბოკერიას პარტიად, რაც გულშემატკივარს და ქულებს მას ნამდვილად არ მოუმატებს. იმიტომ კი არა, რომ ბოკერიას რამეს ვერჩი – ის განათლებული და გონიერი ადამიანია, მაგრამ მას აქვს უარყოფითი ქარიზმა და სიჯიუტე, რის გამოც ამომრჩევლის ნაწილი მისგან დისტანცირებას არჩევს.

ჩემი აზრით, სად იქნება უგულავა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომ პარტიას არსებითად რამე შეჰმატოს.

უგულავა არის უფრო ტრიბუნის და ქუჩის პოლიტიკოსი და არა – პარტიული იდეოლოგიის ან სტრუქტურის მშენებელი. დაბრუნდება თუ არა “ნაცმოძრაობაში”, ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი. შეიძლება მართლაც ცდილობდეს ამას, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ “ევროპული საქართველოს” ლიდერად რჩება ბოკერია, წარმოუდგენელია ამ ორ პარტიას შორის ურთიერთობა დალაგდეს და პარტნიორული თანამშრომლობა შედგეს.

ოპოზიციურმა სპექტრმა რომ არასწორი ტაქტიკა აირჩია, ეს ფაქტია. ჩვენ გვქონდა ამის მაგალითი – როცა 2008 წელს ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, ამით მხოლოდ მან იზარალა, თუმცა ჩვენ ხომ საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს ვსწავლობთ. დღესაც ეს იყო ტაქტიკურად აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, რომელმაც არანაირი შედეგი არ მოიტანა. ამ ნაბიჯმა გამოააშკარავა მხოლოდ ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ პოლიტიკაში ყოფნა და არა – ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა”,- აცხადებს არეშიძე.

კითხვაზე – “პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ “ქართულ ოცნებაში”, შესაძლოა, დაპირისპირება დაიწყოს. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიული აქტივი ზოგიერთი ლიდერის გარშემო ცდილობს გადაწყობას. თუ ელით მმართველი პარტიის წიაღში მნიშვნელოვან დაპირისპირებას, რის შედეგადაც შეიძლება იმგვარი ახალი ძალა გაჩნდეს პოლიტიკურ არენაზე, რომელიც “ქართული ოცნების” მთავარ ოპონენტად იქცევა?”, ექსპერტი პასუხობს – “ჩვენს ქვეყანას ამგვარი გამოცდილება აქვს. გვახსოვს, თავის დროზე სწორედ “მოქალაქეთა კავშირის” წიაღში გაჩნდა ჯგუფი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაანგრია იმჟამინდელი მმართველი ძალა.

“ქართული ოცნება” კი არა, ნახეთ, აშშ-ში, ტრადიციულ დემოკრატიულ პარტიებში რა ხდება – ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტს მისი პარტიის ხუთი წევრი უჭერს მხარს! პოლიტიკური გუნდის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი რამ, მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკური კულტურის სერიოზული დეფიციტის პირობებში ვცხოვრობთ, ამიტომ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. “ქართულ ოცნებაში” ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა ჯერჯერობით მათ შორის მშვიდობაა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გადაყენების თაობაზე, მე ვერ ვხედავ “ქართულ ოცნებაში” ადამიანს, რომელსაც სულით და გულით უნდა პრემიერის სავარძელი, ისეთ რთულ ვითარებაშია ახლა ქვეყანაც და პრემიერი გახარიაც – ვგულისხმობ პანდემიას, მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ფსიქოლოგიური ფონს. ამასთანავე, ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია საგარეო ვალების მომსახურება. გარდა ამის, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც აბსოლუტურად შეცვლილია. რეგიონში ბოლო ხანს განვითარებული პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი საფრთხეები. ამ ყველაფერს ფეხი უნდა ავუწყოთ და ამ ვითარებაში, არა მგონია, ვინმეს განსაკუთრებით ხიბლავდეს პრემიერობის პერსპექტივა…

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია, ის ღიად არც შიდა და არც გარე პოლიტიკაში აღარ ერევა, მაგრამ ის, როგორც ფიგურა და ფაქტორი, ისევ აქტუალურია – ბოლოს და ბოლოს, ეს პარტია ბიძინა ივანიშვილის შექმნილია. თავის შერჩეულ-დატოვებულ ხალხს ივანიშვილი აუცილებლად გაუწევს წინააღმდეგობას, თუ მათ პარტიის შიგნიდან აფეთქება მოინდომეს – ამაში დარწმუნებული ვარ. თუ საჭირო გახდა, ის ჩაერევა არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც პარტიის სათავეებთან იდგა. მას იმდენი ავტორიტეტი და წონა ჯერ კიდევ აქვს, რომ შეუძლია ადვილად მოახერხოს ნებისმიერი კონფლიქტის ჩახშობა. თუ საჭირო გახდა, ჩემი აზრით, ის არ დაუშვებს, რომ უმნიშვნელოვანეს­ გამოწვევებთან ბრძოლის ნაცვლად პარტიის დღევანდელმა ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ”.

რაც შეეხება მუდმივად რევოლუციური მუხტის შექმნას, არეშიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ჭკუას ვერასდროს ისწავლის.

“ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ ერთი შეხედვით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ქართულ პოლიტიკაში, ის უკრაინის მოქალაქეა და სწორედ ამ ქვეყანაშია დასაქმებული, მაგრამ სინამდვილეში ის არსად წასულა და ყოველდღიურად ერევა აქაურ პროცესებში. სწორედ მისმა პოზიციამ განაპირობა “ნაციონალური მოძრაობის” აქამდე მოსვლა და მისთვის გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლის შენარჩუნებაც. მან კულუარულად გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია პარტიის დაშლას და შეინარჩუნა პარტიის ხერხემალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დისტანცირებულმა ლიდერმაც კი შეიძლება შეინარჩუნოს თავისი შექმნილი პარტია. რაც შეეხება მუდმივად რევოლუციური მუხტის შექმნას, “ნაციონალური მოძრაობა” ჭკუას ვერასდროს ისწავლის. დრომ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მისთვის უცვლელი დარჩა ძველი ტექნოლოგიები, რომელთა არსიც არის: ჯერ ე.წ. იდეოლოგიური სკოლების გახსნა, სადაც წვრთნას გადიან მათი პოლიტიკური ორიენტაციის ახალგაზრდები და ამისთვის დღესაც ძალიან აქტიურად მუშაობს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი; ამის შემდეგ იქმნება მხარდამჭერთა ფენა, რომლისგანაც აყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ყურადღების მისაქცევ სახელებს არქმევენ. ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან რადიკალიზმით; შემდეგ კი უკვე იწყება სახელმწიფო სტრუქტურებზე შეტევა, რათა მათი დასუსტება მოახერხონ. ამ პროცესში არიან ახლაც. ზოგჯერ გამოსდით და აღწევენ მიზანს, ზოგჯერ – ვერა.

საზოგადების ნაწილი ხელისუფლებას სისუსტედ უთვლის იმას, რომ პოლიცია და სამართლადამცავი ორგანიზაციები თავშეკავებულნი არიან, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების ტაქტიკა, რომ ზედმეტი სალაპარაკო არ მისცეს ამ რადიკალური ჯგუფების უკან მდგარ გავლენიან უცხოურ პოლიტიკურ ლობს. თუმცა უნდა ითქვას ერთი რამ – “ნაციონალური მოძრაობა” არ ითვალისწინებს იმ გაკვეთილს, რაც დასავლეთმა კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მიიღო. ამ გაკვეთილის შედეგია ის, რომ, ვფიქრობ, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ხელები აქვს გახსნილი ამ პროცესების აღსაკვეთად. შესაბამისად, თუ ამ პატარ-პატარა ჯგუფებმა კვლავ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებში შეღწევა, სახელმწიფო გაცილებით უფრო ძალისმიერი მეთოდებით იმოქმედებს.

ამ ქვეყანას, რომელსაც აქვს მყიფე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და დაბალი პოლიტიკური კულტურა, რევოლუციის უფლება არა აქვს. მას გადასარჩენად ევოლუციური განვითარება სჭირდება.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მედია, განსაკუთრებით – ტელევიზიები, ინტერესდებიან ერთი საკითხით – შევლენ თუ არ შევლენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში, არადა, ხალხს საერთოდ აღარ აინტერესებს, ვინ შედის და ვინ გამოდის. ხალხისთვის მთავარია შედეგი. საზოგადოება ვერ ხედავს, რომ ის ძალები, ვინც ახლა ქუჩაში დგანან, რამეს არსებითად შეცვლიან, ამიტომაც ადმინისტრაციულ ორგანოებს დღეს მხოლოდ 20-30 კაცი უტევს…

კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მელიას არ უნდა შერჩეს ამ კანონის დარღვევა, მით უფრო, მის მოქმედებას აშკარად წამახალისებელი და პროვოკაციული ელფერი აქვს, თუმცა მე მისი დაკავების წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, უნდა მოიძებნოს სხვა გზა, რომლითაც ის დაისჯება, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები… თუ დააკავეს, ალბათ პოლიტიკური ხმაური და დაძაბულობა დაიწყება, მაგრამ მეეჭვება, ამას მასშტაბური ექსცესები მოჰყვეს”, – განაცხადა არეშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები