ლევან იოსელიანი: პარლამენტმა უნდა გამოიჩინოს მეტი სითამამე, უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ პოლიტიკოსს დაიცავს და არ მოუხსნის იმუნიტეტს

“პარლამენტმა უნდა გამოიჩინოს მეტი სითამამე, უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ პოლიტიკოსს დაიცავს და არ მოუხსნის იმუნიტეტს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია ”მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2019 წლის დეკემბერში, იმ დროს, როდესაც ნიკა მელიას ერთხელ უკვე უფლებამოსილება შეუჩერეს, ეს ერთი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყოს.

“ერთი რამ ვიცი, რომ პარლამენტში უნდა მოხდეს საბოლოოდ მისთვის იმუნიტეტის მოხსნის განხილვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა, ამ შემთხვევაში, უნდა გამოიჩინოს მეტი სითამამე, პარლამენტმა უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ პოლიტიკოსმა, თუ აიღო პოლიტიკური რისკი, პარლამენტი მას ამ რისკის ფარგლებში დაიცავს და არ მოუხსნის იმუნიტეტს, ყოველ შემთხვევაში, მე ესე წარმომიდგენია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირება.

ერთი ადამიანის გადაწყვეტილება იყო მაშინ ეს ყველაფერი. დღეს, როდესაც განმეორებით ხდება ამ ისტორიის ჩვენება და განმეორებით ხდება ეს ყველაფერი, მე მგონი პარლამენტმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს მისი, ჯერ კიდევ პარლამენტის წევრის მიმართ და არ მისცეს პროკურატურას იმ საქმის ფარგლებში, რომელიც კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული, 20 ივნისის საქმეს ვგულისხმობ, ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, მე და ალეკო, ორი ადამიანი, ნამდვილად ვიქნებით ამის აქტიური მოწინააღმდეგე და სხვა ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ და შევეცდები დავარწმუნო, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. თუმცა, ამის დიდი იმედი არ მაქვს, როდესაც 90 ადამიანი “ქართული ოცნებიდან” სხვანაირად ფიქრობს, სავარაუდოდ,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება. ცოტა ხნის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა. აღნიშნული თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები