ნინო წილოსანი ჩეხეთის ელჩს შეხვდა – “დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები”
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი – აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს დაუთმეს.
ნინო წილოსანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები, მათი ადგილობრივი წარმომადგენლობები დიდ დახმარებას გვიწევენ ევროინტეგრაციის პროცესში და ეს შეხვედრაც ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩისგან მიიღო ინფორმაცია იმ პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ჩეხეთის რესპუბლიკა ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს და რომელთა დიდი ნაწილი მეტწილად დაცული ტერიტორიების და მიმდებარე სოფლების და იქ მაცხოვრებელი ადამიანების მხარდაჭერასა და დახმარებაზეა კონცენტრირებული.
„დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან საელჩოს წარმომადგენლებთან იყო ნაყოფიერი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩეხეთის რესპუბლიკის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით აქტიურობას ისინი მომავალშიც აპირებენ. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. მათ შორის, ეს ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბიოპროდუქტების წარმოება და მათი პოპულარიზაცია ევროპაში, ასევე განათლების ხარისხის ზრდა აგრარულ სექტორში, პროექტი ფიტოსანიტარიის მიმართულებით და ა. შ. “, – განაცხადა ნინო წილოსანმა.