ეროვნული სააგენტო: გელათის მონასტერის ღვთისმშობლის ტაძარზე დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზემოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვა გრძელდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის მონასტერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გრძელდება დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზემოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი.
როგორც სააგენტომ “კვირას” აცნობა, მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით მოწყობილ დროებით სახურავებზე სრულად გამოიცვლება და მოდერნიზდება წყალშემკრები სისტემები.
„საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ რევიზიის ფარგლებში განსაზღვრული დამატებითი დაცვითი ღონისძიებების მიხედვით, გელათის მონასტერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გრძელდება დროებითი გადახურვის წყალშემკრები სისტემის შეცვლისა და თუნუქის ფენილების გარემოზემოქმედებისაგან დამცავი ელემენტებით აღჭურვის პროცესი.
სამუშაოების მსვლელობისას, რომელსაც ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებით, კომპანია „ბაგინეთი +” ახორციელებს, სრულად ჩანაცვლდა მთავარი ტაძრის დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი მინაშენების (ნართექსის, კარიბჭეების, ეკვდერებისა და მათი აბსიდების) დროებით გადახურვებზე მოწყობილი პლასტმასის წყალგადამყვანი სისტემის ჰორიზონტალური ღარები და ვერტიკალური მილები. მათ ნაცვლად ლითონის 100 მმ დიამეტრის ღარები, დგარები და ძაბრები დამონტაჟდა, რამაც ტაძრის ქვედა რეგისტრზე მინიმუმამდე გაანეიტრალა ფასადის კედლებზე ნალექის ზემოქმედება. საპარლამენტო კომიტეტის I რეკომენდაციის თანახმად ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით დასრულდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახრეთ- აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 2 ეკვდერის აბსიდებზე დროებითი გადახურვის კონსტრუქციის ფორმის ცვლილებისა და წყალშემკრები სისტემის მოდიფიცირების სამუშაოები, რომელიც უკვე შემოწმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კონსტატატორების ჯგუფის მიერ. ტაძრის ქვედა რეგისტრის მთელ პერიმეტრზე ახლადმოწყობილი ხარაჩოების მეშვეობით, დროებით გადახურვებსა და კრამიტის საბურველშორის სივრცეეზე განთავსდა ქარისგან დამცავი თუნუქის ელემენტები. თუნუქის მყარი საბურველით გადაიხურა სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი მკლავთაშორისი ფერდები, რომლებიც ამ დრომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცეული არ ყოფილა. დროებითი სახურავის ფენილებზე დამონტაჟდა გარემოზემოქმედების დამცავი ელემენტები და წყალგამშემკრები სისტემა, რამაც სრულად აღმოფხვრა სახურავიდან ნადენი წყლით ტაძრის საპერანგე წყობის დატენიანების რისკი.