ბორელი: რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენით დაინტერესებული არ არის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტის დროს, რუსეთმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენით არ არის დაინტერესებული.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამოსვლის დროს თქვა.

“მსურდა გამერკვია, არის თუ არა მზად რუსეთის მთავრობა ჩვენს ურთიერთობაში არსებული ნეგატიური ტენდენცია შემოაბრუნოს, ისარგებლოს შემთხვევით კონსტრუქციული დიალოგის დამყარებისთვის. პასუხი ძალიან მკაფიო იყო: არა, ისინი ამაში დაინტერესებულნი არ არიან”,- თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, “რუსეთმა იმედები არ გაამართლა და ვერ მოახერხა და ვერ გახდა თანამედროვე დემოკრატია”.

“იმედგაცრუებული ვართ, ჩვენს ურთიერთობაში ნდობა აღარ არის დომინანტი. უკრაინაში არსებული კონფლიქტი, დნესტრისპირეთში, ასევე ბელორუსის სიტუაცია რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს”,- ხაზი გაუსვა ბორელიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან რუსეთთან ურთიერთობაში “გზაგასაყარზე იმყოფება” და მოსკოვთან შემდგომი ურთიერთობის საკითხი, თებერვალში მინისტერიალზე, ასევე მაისში ევროსაბჭოზე განიხილება.

ბორელიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმებისა და სხვა, შესაძლო, ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ.

ამასთანავე, მან თქვა, რომ სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანია “ოფიციალური დიალოგისთვის სივრცის დატოვება, რომელიც ჩვენს ინტერესშია”.

“რუსეთი ჩვენი დიდ მეზობლად რჩება. მუდმივი კონფორნტაციების არიდების საშუალება უნდა გამოვნახოთ”,- თქვა ბორელიმ.

მისი თქმით, რუსეთის მთავრობა კიდევ უფრო ავტორიტარული ხდება და კანონის უზენაესობისადმი შემწყნარებლობას არ იჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები